ვეზუვის გამოწვევის (Vesuvius Challenge) ფარგლებში ცოტა ხნის წინ უძველესი ჰერკულანუმის გრაგნილის სათაურის გაშიფვრისთვის ჯილდო გამოცხადდა. ის თითქმის 2 000 წლის განმავლობაში წაუკითხავი იყო, ანუ მას შემდეგ, რაც ვულკანი ვეზუვი 79 წელს ამოიფრქვა. ახალი ტექნოლოგიის წყალობით, გრაგნილის გახსნის გარეშე, მისი გაშიფვრა მოახერხეს.
სათაური ვეზუვის გამოწვევაში მონაწილე ორმა ჯგუფმა დამოუკიდებლად წაიკითხა. პროექტი 2023 წლის მარტში დაიწყო და მიზნად ისტორიის შექმნას ისახავდა. კერძოდ, უნდოდათ, რომ ადამიანებს ჰერკულანუმში აღმოჩენილი გრაგნილების გასაშიფრად გზები ეპოვათ. ისინი ოდესღაც განთავსებული Villa Papyri-ში, რომაელი სახელმწიფო მოხელის მდიდრულ მამულში, იქამდე იყო, სანამ ვულკანი ამოიფრქვეოდა.
გრაგნილები საუკუნეების განმავლობაში დაკარგული იყო, თუმცა 1700-იან წლებში საბოლოოდ მიაკვლიეს. ამოფრქვევის დროს გამოყოფილი სიცხის გამო, ისინი მთლიანად გახმა და მათი გახსნა ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, გრაგნილების შინაარსი აქამდე, საუკუნეების განმავლობაში, იდუმალებით იყო მოცული.
პირველ რიგში, ვეზუვის გამოწვევის კვლევითი გუნდის წევრმა შონ ჯონსონმა პაპირუსის ზედაპირის სურათი შექმნა და ტექსტის იდენტიფიცირება მოახდინა. ამავე დროს, კონკურსში მონაწილე კიდევ ერთმა გუნდმა, მარსელ როთმა ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან და მიხა ნოვაკმა Gray Swan AI-დან, მელნის აღმოჩენის მეთოდები გააუმჯობესეს და იგივე სათაური წაიკითხეს. სწორედ მათ მიენიჭათ “პირველი სათაურის პრიზი” — $60 000. ორივე მკვლევარი დიდი ხანია ვეზუვის გამოწვევაში მონაწილეობს და ეს მათ შორის მხოლოდ ერთ-ერთი ჯილდოა, რომელიც მეცნიერებს უკვე მოუპოვებიათ.
ერთობლივი მუშაობის შედეგად გაარკვიეს, რომ ოქსფორდის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში დაცული გრაგნილის (PHerc. 172) სათაურია “ზნეობრივ ნაკლოვანებებზე”, მისი ავტორი კი ფილოდემოსია, რომელიც ეპიკურეელი ფილოსოფოსი და პოეტი იყო. პაპირუსზე ასევე წიგნის ნომერი ჩანს, სავარაუდოდ “წიგნი პირველი”, თუმცა ეს დეტალი ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
მიუხედავად იმისა, რომ გრაგნილის სათაური მხოლოდ “ზნეობრივ ნაკლოვანებებზე” იკითხება, სავარაუდოა, რომ სრული ვარიანტი ასეთი იყო: “ზნეობრივ ნაკლოვანებებზე, მათ საწინააღმდეგო ღირსებებზე, მათ მფლობელებზე და რაც ამ თემას ეხება” (ბერძნულად: Περὶ κακιῶν καὶ τῶν ἀντικειμένων ἀρετῶν καὶ τῶν ἐν οἷς εἰσί καὶ περὶ ἅ). ეს ტექსტი, როგორც ვარაუდობენ, ათი წიგნისგან შემდგარ სერიას მოიცავდა, რომლებიც ისეთ თემებს ეხებოდა, როგორიცაა ქედმაღლობა, სიხარბე, ოჯახის მართვა და მლიქვნელობა.
PHerc.172-ის ტექსტური განლაგება საკმაოდ უჩვეულოა. ეს პირველი გრაგნილია, რომელზეც წიგნის ნომერი და სათაური ერთსა და იმავე ხაზზეა მოცემული. ჩვეულებრივ, ავტორის სახელი, სათაური და წიგნის ნომერი თითო-თითო ხაზზეა დაწერილი და ცენტრალურად განლაგებული. ჯერ არ არის ცნობილი, რატომ არის ეს გრაგნილი განსხვავებული. ერთ-ერთი მოსაზრებით, შესაძლოა, ეს დასაბეჭდად გამზადებული ნამუშევარი იყოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სათაური ხაზებით გაფორმებულია, რაც ოფიციალურობაზე მიანიშნებს.
წიგნის ნომრის არსებობამ ახალი კითხვებიც გააჩინა. ცნობილია, რომ ფილოდემოსის პირველი წიგნი “ზნეობრივ ნაკლოვანებებზე” მლიქვნელობას ეხებოდა, რაც სხვა გრაგნილებითაც მტკიცდება. მაიკლ მაკოსკერმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პაპიროლოგმა, აღნიშნა, რომ PHerc.172-ის ტექსტი ამ ცნობილ ნაწერს არ შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ თუკი წიგნი მართლაც პირველი ტომია, მაშინ შეიძლება, მომავალმა ანალიზმა ფილოდემოსის ამ ნაშრომის გაგება გააღრმაოს.
გრაგნილზე მელნის აღმოჩენის ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება. როგორც ჩანს, გრაგნილს შიგნით მნიშვნელოვანი ტექსტური მასალაა, რომელიც ეტაპობრივად ვლინდება. შესაძლოა, მომავალში ამ გრაგნილის შიგნით კიდევ ბევრ საიდუმლოს მიაგნონ. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო უკეთ გავიგოთ, რას ფიქრობდა ფილოდემოსი ზნეობრივ ნაკლოვანებებზე და მათ საწინააღმდეგო ღირსებებზე.
· გადახედვა ტექნოლოგიები ნახეთ: ჩინეთში ჰუმანოიდი რობოტი მწყობრიდან გამოვიდა და ადამიანებს თავს დაესხა ნახეთ: ჩინეთში ჰუმანოიდი რობოტი მწყობრიდან გამოვიდა და ადამიანებს თავს დაესხა
· გადახედვა ფლორა და ფაუნა როგორ წარმოიშვა ატლანტის ოკეანე — მეცნიერებმა გიგანტური წყალქვეშა ტალღები აღმოაჩინეს როგორ წარმოიშვა ატლანტის ოკეანე — მეცნიერებმა გიგანტური წყალქვეშა ტალღები აღმოაჩინეს
· გადახედვა მეცნიერება სოკოსთან დაკავშირებული მომაკვდინებელი ინფექციების გავრცელების რისკები სულ უფრო მატულობს სოკოსთან დაკავშირებული მომაკვდინებელი ინფექციების გავრცელების რისკები სულ უფრო მატულობს
· გადახედვა კოსმოსი “დედამიწაზე სიცოცხლეს მზე გაანადგურებს” — ილონ მასკი მარსზე დასახლების მიზეზზე საუბრობს “დედამიწაზე სიცოცხლეს მზე გაანადგურებს” — ილონ მასკი მარსზე დასახლების მიზეზზე საუბრობს
· გადახედვა ფიზიკა ახალი თეორიის მიხედვით, დიდი აფეთქება არ მომხდარა — როგორია ალტერნატივა? ახალი თეორიის მიხედვით, დიდი აფეთქება არ მომხდარა — როგორია ალტერნატივა?
