„ჰერბიას“ შემოსავალი „პლანტასთან“ შედარებით 2-ჯერ ნაკლებია

„ჰერბიას“ შემოსავალი „პლანტასთან“ შედარებით 2-ჯერ ნაკლებია
Finspot-ი განიხილა სასათბურე მეურნეობები ორი კომპანიის, შპს “გრინჰაუზ ჰოლდინგის” (პლანტა / Planta) და შპს “ჰერბიას” (ჰერბია • Herbia) მაგალითზე. კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბოსტნეულისა და/ან მწვანილის წარმოება სასათბურე პირობებში და მათი საბითუმო რეალიზაცია.
შპს “გრინჰაუზ ჰოლდინგი” ორი შვილობილი კომპანიის მეშვეობით ოპერირებს: სს “საქართველოს სათბურის კორპორაცია” და შპს “ქართული აგრო სახლი”. “საქართველოს სათბურის კორპორაცია” მართავს 12 ჰექტარზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სასათბურე კომპლექსს, სადაც ძირითად მოსავალს პომიდორი და კიტრი წარმოადგენს. “ქართული აგრო სახლი” კი ამ პროდუქციის შემფუთავი და დისტრიბუტორი კომპანიაა. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად “პლანტას” ბრენდის ქვეშ ხორციელდება.
შპს „ჰერბია“ 3 ჰექტარზე გაშენებული სასათბურე მეურნეობაა, სადაც კომპანია ახდენს მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანას, დაფასოებას და დისტრიბუციას.
„წარმოდგენილი კომპანიების მაგალითზე, სასათბურე მეურნეობაში საოპერაციო მოგების მარჟა 5%-15%-ის ფარგლებშია, EBITDA მარჟა კი 15%-20%. თუმცა, სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორივე კომპანიის შემთხვევაში შეიმჩნევა პრობლემები საბრუნავი კაპიტალის მართვასთან დაკავშირებით. კომპანიებს მალე უწევთ ფულის გადახდა მომწოდებლებთან, თუმცა დიდხანს ელოდებიან ფულის მიღებას საცალო სავაჭრო ობიექტებიდან.
მაგალითად, “ჰერბიას” დადებითი საოპერაციო მოგების მიუხედავად, უარყოფითი თავისუფალი ფულადი ნაკადები (free cash flow) აქვს. კომპანია დივიდენდის გაცემას ახდენს დამატებით აღებული სესხით და არა საოპერაციო საქმიანობიდან დაგენერერირებული ფულადი ნაკადებით.
“პლანტას” შემთხვევაშიც, კომპანიას არ ჰქონდა საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს კაპიტალური დანახარჯების განხორციელებას. ამიტომ, 2021-23 წლებში კომპანიამ დამატებით ₾8 მილიონის საკუთარ კაპიტალში შენატანი განახორციელა სესხზე მომსახურებისთვის და სხვა საინვესტიციო საქმიანობისთვის. კომპანიას დივიდენდი ჯერ არ გაუცია“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
2023 წლის ფინანსური მონაცემებით, „პლანტა“-ს შემოსავლებმა ₾23 მილიონი შეადგინა. ბოლო 5 წელში (2018-23) კომპანია საშუალოდ წლიურად 10%-ით იზრდებოდა, თუმცა კომპანიის შემოსავლები 2023 წელს 9%-ით შემცირდა.
„ჰერბია“-ს ბრუნვამ ₾11 მილიონი შეადგინა, 2-ჯერ ნაკლები ვიდრე წამყვანი ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობის. თუმცა, “ჰერბიას” ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი იყო. 2018-23 წლებში, კომპანია საშუალოდ წლიურად 19%-ით იზრდებოდა. 2023 წელს “ჰერბიას” შემოსავლებიც შემცირდა 8%-ით. “ჰერბიას” საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) 69%-ია.
„კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში (თვითღირებულების ჩათვლით) 85%-95%-ის ფარგლებშია. “პლანტა” და “ჰერბია” ხელფასებზე შემოსავლების 30% და 15%-ს ხარჯავენ, შესაბამისად. “პლანტას” შედარებით მაღალი სახელფასო ხარჯები განაპირობებს კომპანიის შედარებით დაბალ საოპერაციო მოგების მარჟასაც.
„პლანტას” საოპერაციო მოგების მარჟა 5%-ია, “ჰერბიასი” კი 15%. EBITDA მარჟების მხრივ, “პლანტას მაჩვენებელი 15%-ია, “ჰერბიასი” 20%.
„ჰერბია” გაცილებით მაღალლევერიჯიანი კომპანიაა, ვიდრე “პლანტა”. “პლანტამ” ბოლო წლებში თავისუფალი ფულადი ნაკადების დიდი ნაწილი სესხის გადასაფარად გამოიყენა, შესაბამისად 2023 წლისთვის სესხის წილი აქტივებში 10%-ს შეადგენდა. “ჰერბიას” იგივე მაჩვენებელი კი 59%-ია, ვინაიდან კომპანია სესხზე მომსახურებისთვის და დივიდენდის გასაცემად დამატებით სესხს იღებდა.
“ჰერბიამ” ბოლო სამ წელში (2021-23) მფლობელებზე ჯამურად ₾4.5 მილიონი გასცა, რაც უმეტესად აღებული სესხით დაფინანსდა. ბოლო ექვს წელში (2018-23) კი კომპანიამ ჯამურად ₾5.7 მილიონის მოცულობის დივიდენდი გასცა. “პლანტას” დივიდენდი არ გაუცია“, – ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.