აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ მხარი დაუჭირა ორპარტიული MEGOBARI აქტის მიღებას.
მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა მიზნად ისახავს დემოკრატიული მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოს რესპუბლიკაში და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით კი რუსეთის, გავლენის წინააღმდეგ.
ჰელსინკის კომისიის დემოკრატი თანათავმჯდომარის, სტივ კოენის თქმით, MEGOBARI აქტის მიღება ძლიერი გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომ აშშ მათ გვერდით დგას დემოკრატიისთვის ბრძოლაში.
„კორუმპირებული ივანიშვილი და მისი “ქართული კოშმარი” პროტესტის მონაწილეებს აპატიმრებს – მოქალაქეებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა კი ოქტომბრის არჩევნები ფუნდამენტურად გაყალბებულად შეაფასეს. MEGOBARI აქტი ითვალისწინებს სანქციებს პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ და სთავაზობს საქართველოს უფრო ღრმა პარტნიორობას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება”, – განაცხადა კონგრესმენმა სტივ კოენმა.
ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა აღნიშნა, რომ აქტი “ქართულ ოცნებას” და მის წევრებს ალტერნატივას აძლევს – მიატოვონ პოტენციური დიქტატორი ივანიშვილი ან დაეკისროთ სანქციები.
„ქართული სიტყვა “მეგობარი” სწორედ ამ აქტის არსს გადმოსცემს – ეს კანონპროექტი აშშ-სა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის სიმბოლოა. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, შეზღუდოს საქართველოს თავისუფლება. მე ქართველი ხალხის და ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვდგავარ. ეს კანონი “ქართულ ოცნებას” და მის წევრებს ალტერნატივას აძლევს – მიატოვონ პოტენციური დიქტატორი ივანიშვილი ან დაეკისროთ სანქციები. საქართველოს სუვერენიტეტის გადასარჩენად ჯერ კიდევ არის დრო”, – აღნიშნა ჯო ვილსონმა.
გარდა ამისა, როგორც კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა განაცხადა MEGOBARI აქტი აძლიერებს ამერიკის მხარდაჭერას ქართველებისადმი და დემოკრატიული პროცესებისადმი მთელ კავკასიაში, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია პუტინის გავლენების წინააღმდეგ. კონგრესმენ მარკ ვისიის თქმით, ის ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა MEGOBARI აქტს, რადგან ეს ქართველ ხალხს მისცემს იმედს, რათა არ დაექვემდებარონ ივანიშვილს ან სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს (რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვა).
5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.
5 მაისს გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტ მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 42-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მხარდამჭერებს შორის 168 რესპუბლიკელი კონგრესმენია და 181 დემოკრატი.
მანამდე, 27 მარტს,პროექტი აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა.
· აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა
· დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტს“ განიხილავენ
· რაუფოღლუ: MEGOBARI აქტს, წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრაზე განიხილავენ
