ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელზე წერილს აქვეყნებს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვს.
დოკუმენტში, რომელსაც ხელს კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი აწერენ ხელს, ხაზგასმულია, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მხოლოდ სავიზო შეზღუდვები საკმარისი არ არის.
კერძოდ, კომისია ბლინკენს მიმართავს, რომ უნდა დაწესდეს ინდივიდუალური ფინანსური სანქციები “საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების” – ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ, რადგანაც ეს ადამიანები არ უნდა ზღუდავდნენ ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფლებას.
გარდა ამისა, წერილში ასევე საუბარია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არსებულ ქოლცენტრებზე, რომლებიც, განცხადების მიხედვით შავი ფულის მთავარი წყარო და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, აქტივისტებისა, ოპოზიციისა და მათი ოჯახის წევრების შევიწროებასა და დაშინებას ემსახურება.
ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ აუცილებელია აშშ-მა, სხვა სახელმწიფოებთან ერთად მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი ცენტრების გასანადგურებლად.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ძვირფასო მდივანო ბლინკენ, ჩვენ ვწერთ ამ წერილს, რათა მოგიწოდოთ საქართველოში შექმნილი ვითარების მიმართ, უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებისკენ. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლების პასუხისმგებლობისკენ. თუმცა, ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ უმოკლეს დროში, მეტის გაკეთებაა საჭირო საქართველოს მოსახლეობის დასაცავად.
მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ამოქმედების პროცესი საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების წინააღმდეგ, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ. ცხადი უნდა იყოს, რომ კორუფციისა და მავნე გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ იქნებიან თავისუფალნი ქართველი ხალხის ნებისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების შეზღუდვაში. მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბატონი ჰაკის, კონგრესის საგარეო საქმეთა ევროპის ქვეკომიტეტის წინაშე გაკეთებული ჩვენებიდან, მისი სიტყვების პარაფრაზი რომ მოვახდინოთ, “ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა. ახლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი.”