ჰელსინკის კომისიაში საქართველოში განსხვავებული აზრის ჩახშობაზე იმსჯელეს

-ის ჰელსინკის კომისიაში გაიმართა საინფორმაციო სესია „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი ზომების შესახებ.
ბრიფინგზე მომხსენებლები იყვნენ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი, McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი და მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
„2024 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს მმართველმა პარტიამ ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩაითრია. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც აფართოებენ სახელმწიფო ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევენ. რეპრესიებმა როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია მოიცვა.
ეს ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირთა დასასჯელად და დემორალიზაციისთვის განვითარებულ ტაქტიკას და სამომავლო გზებს“, — ნათქვამია ჰელსინკის კომისიის პრესრელიზში.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა თავის გამოსვლაში ისაუბრა „ქართული ოცნების“ რეჟიმის მზარდ ავტოკრატიაზე და თქვა, რომ 2014 წლიდან, როცა NDI-ს ოფისის დირექტორად დაინიშნა, თვალს ადევნებდა რეგრესს საქართველოში.
„ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მთავრობიდან „ქართული ოცნების“ კოალიციაზე ხელისუფლების წარმატებული და დემოკრატიული გადაბარება განხორციელდა. ეს მართლაც ამაღელვებელი დრო იყო, სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ლიდერობდა „ღია მმართველობის პარტნიორობას“ (OGP). ჩვენ პარლამენტში უამრავ დემოკრატიულ რეფორმაზე ვმუშაობდით და ქვეყანა დიდი სიჩქარით მიიწევდა წინ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. თუმცა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა სულ ახლახან დაიწყო და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა“, — განაცხადა თორნტონმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობას თავიდანვე ჰქონდა საბედისწერო ნაკლი — რუსეთიდან მომავალი ოლიგარქი .
„ივანიშვილი არასოდეს ყოფილა დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც მთავარია, ყოველთვის იყო დაკავშირებული რუსეთთან — ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა“, — თქვა მან და დასძინა, რომ ფართო კოალიცია, მალევე დაიშალა და დაიწყო რუსული ნარატივებისა და დეზინფორმაციის გავრცელება უმცირესობების, ქალებისა და ეთნო-ნაციონალიზმის შესახებ; ასევე, ანტიდასავლური რიტორიკა მალევე გადაიზარდა თავდასხმებში სამოქალაქო საზოგადოებაზე, „სახელმწიფო მტრებზე“, მედიასა და იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელისუფლების მაკონტროლებელ მექანიზმებს წარმოადგენენ.
„თუმცა, ვფიქრობ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გახდა საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო მოწყვეტისა და ავტორიტარიზმში სრული ჩაფლობის მომენტი. ქვეყანა დღემდე რჩება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარ მარშრუტად. საქართველოს ლიდერები დაუსრულებლად ესხმოდნენ თავს უკრაინასა და ზელენსკის, ხოლო რუსეთზე საკმაოდ დუმდნენ. შემდეგ თავდასხმები ევროპასა და -ზე გადაიტანეს, ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ღიად უწოდებს ჩინეთსა და ირანს მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არსებობს ფოტო, სადაც პრემიერ-მინისტრი თეირანში „ჰამასის“ წარმომადგენლების გვერდით დგას. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ — მტრები“, — თქვა ლორა თორნტონმა.
მისი თქმით, 2024 წლის „გამოუსწორებლად გაყალბებული“ იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ძალისმიერი მეთოდებით შეინარჩუნა ხელისუფლება, გამოვიდა ევროინტეგრაციის პროცესიდან და პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა დააანონსა.
„მას შემდეგ ქართველები ყოველდღე აპროტესტებენ ამას. მათ ძალადობით ხვდებიან, აპატიმრებენ. სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვისაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ იბრძვის. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია. დღეს რაც ხდება, ეს არის ყოველკვირეული დაუსრულებელი ნაკადი ახალი კანონმდებლობისა, რომელიც არღვევს საერთაშორისო და კონსტიტუციურ ნორმებსა და ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დასაცავად“, — განაცხადა ლორა თორნტონმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აცნობიერებს ერთ ჭეშმარიტებას — სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და ქართველი ხალხი ქართული დემოკრატიის ბოლო ბასტიონია, ამიტომ მათ სურთ მათი განადგურება.
„და ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა გათვლა უკრაინის სრულმასშტაბიან ომზე და მათი გათვლა, სამწუხაროდ, შესაძლოა სწორი აღმოჩნდა — რომ დასავლეთი არ დაიცავდა მათ და გაიმარჯვებდა. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უკრაინაში, გავლენას ახდენდა და მოახდენს ისეთ პოლიტიკურ რეჟიმებზე, როგორიცაა „ქართული ოცნება“, — განაცხადა ლორა თორნტონმა.
მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარ ოლესია ვართანიანის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი კვლავაც შეეჯახებიან არასტაბილურობას, თუ არ გამოავლენენ მზაობას სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის, რომელშიც ისინი შეიძლება, რეალურად, დამარცხდნენ.
„ვერანაირი პროცესი ვერ მიაღწევს წარმატებას ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის ხელისუფლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის რეალური პერსპექტივის გარეშე. პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვებს შეუძლიათ უსასრულო საათები გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების, ბარიერის დაწევის, პროცედურების რეფორმირებისა თუ ტექნიკური დეტალების დაზუსტების განხილვაში, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ მმართველი ხელმძღვანელობა არ გამოავლენს ხელისუფლების გაზიარების ნებას ან მზაობას, დატოვოს თანამდებობა არჩევნების წაგების შემთხვევაში. პოლიტიკურ პროცესში შესვლას აზრი არ აქვს, თუ არ არსებობს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის სარწმუნო გზა“, –განაცხადა ვართანიანმა.
მისივე თქმით, ვერანაირი პროცესი ვერ იქნება წარმატებული ძლიერი საგარეო გარანტის გარეშე და ხაზი გაუსვა აშშ-ის როლს.
„რამდენიმე წლის წინ ამ როლს ევროკავშირი ასრულებდა, რომელიც ბერკეტად იყენებდა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, როგორც დათქმების ნაწილს. დღეს ჩვენ გვყავს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ გზით სიარულს არ აპირებს. ამ ვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატები კარგ პოზიციაშია გარკვეული როლის შესასრულებლად. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული სანქციები პროცესის წინ წასაწევად ერთ-ერთი პოტენციური ბერკეტია. სანქციები უკვე მოქმედებს და ისინი აშკარად აისახება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე. ისინი სტრატეგიულად უნდა იქნას გამოყენებული საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესის დასაწყებად. სანქციების შესახებ ნებისმიერი სახელმძღვანელო გეტყვით, რომ ისინი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მათ დიპლომატია ემატება. დიპლომატიური გაგრძელების გარეშე, სანქციებმა შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს — სამიზნეები ჩიხში მოაქციოს, რაც მათ ყველაზე დაუცველებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რაც საქართველოს შემთხვევაში ოპოზიციონერი აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვები არიან“, — დასძინა ოლესია ვართანიანმა.
McLarty Associates-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა კლერ კაიზერმა ხაზი გაუსვა, რომ სადამსჯელო სანქციებს ამ დრომდე შედეგი არ მოჰყოლია. მან მწუხარება გამოთქვა, რომ „მეგობარი აქტი“ ამ დრომდე არ არის მიღებული და ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ისევე „შემოქმედებითი მიდგომის“ საჭიროებას, რაც რეგიონული, უსაფრთხოების და ეკონომიკური პლატფორმებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება.