ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი შენდება – 5 პირს საკუთრებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ

თბილისში, აბანოთუბანში ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის გამო, 5 ოჯახს ქონებას ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ. ექსპროპრიაცია სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისთვის საკუთრების ჩამორთმევას გულისხმობს – “ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით”.
ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონეა” და ამიტომ, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას ექსპროპრიაციის უფლება ენიჭება.
საკუთრებას ჩამოართმევენ:
1. ტარიელ გუსეინოვს (თბილისში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებულ 24.20 კვ.მ ფართს და იმავე შენობაში ხვენსართულზე 26.50 კვ.მ ქონებას).
2. გოჰარ გასპარიანს (იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობის მეორე სართულზე განთავსებულ 47.82 კვ.მ ფართს და იმავე შენობაში სხვენზე 48.35 კვ.მ ქონებას).
3. მედიკო პაპიაშვილს ( იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში განთავსებულ 26.49 კვ.მ ფართს.
4. მარინე კობიაშვილს ( იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში 10.69 კვ.მ და 7.38 კვ.მ ფართებს).
5. დარიკო პაპიაშვილს (იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3-ში მდებარე შენობაში 26.09 კვ.მ ფართს, 15.30 კვ.მ ფართს, 33.65 კვ.მ ფართს და 41.33 კვ.მ ფართს (სხვენი).
ბრძანების მიხედვით, უძრავი ქონება ე.წ. იტალიური ეზოს ტიპის დასახლებაა. ჯამში მესაკუთრედ რეგისტრირებულია 24 ფიზიკური პირი. კომპანიამ მესაკუთრეების ნაწილთან მიაღწია შეთანხმებას და უძრავი ქონება ნებაყოფლობით გამოისყიდა, ხოლო დანარჩენებთან შეთანხმება ვერ შედგა.
“უძრავი ქონების მესაკუთრეებს წერილობით ეცნობათ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 04 მარტის №417 განკარგულების შესახებ და მიეცათ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მომართა სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე” – წერია ბრძანებაში და აღნიშნულია, რომ “საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას”.
“პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს და ვინაიდან, კომპანიასა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრების შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით” – წერია დოკუმენტში.
მესაკუთრეებს გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლიათ.
მარიამ ქვრივიშვილის ბრძანების მიხედვითვე, ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის სამშენებლო სამუშაოები გულისხმობს 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობას.
“ცენტრის მთავარ შენობაში შესვლისთანავე განთავსებული იქნება 780 კვ.მ ფართობის საზოგადოებრივი სივრცე, რაც “ძველი აბანოს“ ისტორიულ შენობას დააკავშირებს მთავარ “ფოიესთან.“ ასევე დაუკავშირდება “ბავშვთა თეატრს“, რომელსაც იმავდროულად მთავარი შენობისგან დამოუკიდებელი ექსპლუატაციის საშუალება ექნება.
ობიექტზე მოეწყობა საკონცერტო დარბაზი, მისაღები და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გათვლილი სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ “ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ მშენებლობა რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება, რაც წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განსაკუთრებულ როლს შეიტანს როგორც თეატრის, ასევე, საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის მეტ განვითარებაში.
აღნიშნული თავის მხრივ ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხალხებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს. ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა, სადაც განხორციელდება კულტურული და აკადემიური პროგრამები.
აღნიშნული ხელს შეუწყობს ცოდნის გაცვლას, ახალგაზრდების განვითარებასა და რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთანავე, ცენტრი შექმნის დამატებით შესაძლებლობას კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის და იქცევა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების, გამოფენებისა და ფესტივალების ჩატარების მნიშვნელოვან სივრცედ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაზე და ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრის მშენებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას” – წერია დოკუმენტში.