“ჰეზბოლას” ლიდერი ისრაელში ახალ სამიზნეებზე დარტყმებით იმუქრება

ოთხშაბათს, 17 ივლისს, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, საიდ ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ თუ ლიბანში სამოქალაქო პირების სამიზნედ ამოღებას გააგრძელებს, „ჰეზბოლა“ ისრაელში ახალ სამიზნეებს დაარტყამს. ნასრალა ამბობს, რომ ბოლო დღეებში ლიბანში უიარაღო პირების მოკვლის შემთხვევები გახშირდა.
სახელმწიფო მედიისა და უსაფრთხოების წყაროების თანახმად, სამშაბათს, ისრაელის თავდასხმის შედეგად, ხუთი სირიელი სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი, ერთი დღით ადრე კი სულ ცოტა სამი ლიბანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
ტელევიზიით გამოსვლის დროს ნასრალამ თქვა, რომ სამოქალაქო პირებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში რაკეტებს დაუშენენ იმ დასახლებებს, რომლებიც ადრე მათი სამიზნე არ ყოფილა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ლიბანში ყველაზე გავლენიან სამხედრო და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, ისრაელის ყველა დასახლებულ ცენტრს დასახლებას უწოდებს და ისრაელის სახელმწიფოს არ ცნობს.
„როიტერის“ მიხედვით, ლიბანში ბრძოლებმა 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი და „ჰეზბოლას“ 300-ზე მეტი მებრძოლი შეიწირა. გარდა ამისა, სასაზღვრო ქალაქებში და სოფლებში ისეთი ნგრევა გამოიწვია, როგორიც 2006 წლის ისრაელ-ლიბანის ომის შემდეგ არ ყოფილა.
ნასრალამ პირობა დადო, რომ განადგურებულ სახლებს აღადგენენ.