ჰეზბოლამ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის ქალაქ ხაიფაზე

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა ს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ხაიფაზე ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას სარაკეტო შეტევის შედეგად. გვიან ღამით ჰეზბოლამ განაცხადა, რომ სამიზნე იყო ისრაელის სამხედრო ბაზა ქარმელი.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის ორ დასახლებულ რაიონშია აღმოჩენილი. ისრაელის არმიის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააფიქსირა ხუთი რაკეტა, თუმცა, ყველას მოგერიება ვერ შეძლო.
ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, კვირას, 6 ოქტომბერს ჰეზბოლამ ისრაელისკენ ისროლა, საერთო ჯამში, 100-მეტი რაკეტა.
ღამით, ისრაელის არმიამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა. სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაარტყეს ჰეზბოლას დაზვერვის სამსახურის ოფისს, იარაღის საწყობს და სხვა ობიექტებს.
ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ისრაელის გარდა, ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული -ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური საჰაერო ოპერაცია 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია ჰეზბოლას თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.
ლიბანის მთავრობის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით მილიონი კი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გაეროს წარმომადგენლები ისრაელს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ებრძვის მხოლოდ ჰეზბოლას ტერორისტებს და არა ლიბანელ ხალხს, ამიტომ კონკრეტულ რაიონებზე დარტყმამდე ადგილობრივ მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ჰეზბოლას მხარდამჭერია ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელმაც 1 ოქტომბერს ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა და პასუხის შემთხვევაში, უფრო მასშტაბური დარტყმით დაემუქრა.
დღეს, 7 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდა ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა ჰამასის თავდასხმიდან, რომელმაც სათავე დაუდო რეგიონში მორიგ ესკალაციას.
· ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა ჰამასს თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
· ისრაელის წინააღმდეგ ლიბანიდან სარაკეტო შეტევებით გააქტიურდა ჰამასის მოკავშირე ჰეზბოლა.
· სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში – ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა.
ფორუმი