ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და მომზადება საჭიროების შემთხვევაში რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად. ამის შესახებ 3 სექტემბერს ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაცია კონფლიქტისკენ არ მიისრწფვის, მაგრამ ვალდებულია ამერიკელების დაცვა უზრუნველყოს. ჰეგსეთის თქმით, ეს მკაფიოდ გააგებინეს ჩინეთს, რუსეთს და სხვებს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებითვე, ჩინეთის და რუსეთის დაახლოებას ხელი შეუწყო აშშ-ის წინა ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობამ. ჰეგსეთის თანახმად, თეთრი სახლის ამოცანაა უპირატესობის შენარჩუნება ცაში, კოსმოსში, ზღვაზე და წყალქვეშ.
3 სექტემბერს ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ პეკინში გამართა „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი მასშტაბური სამხედრო აღლუმი.
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის, სი ძინპინის მთავარი სტუმრები იყვნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.
აღლუმის დაწყებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოაქვეყნა, იმედი გამოთქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთისთვის დაღუპული ამერიკელები ახსოვთ და პატივს მიაგებენ, ჩინეთის ლიდერს და ჩინელ ხალხს შესანიშნავი დღესასწაული უსურვა და სი ძინპინს მიმართა, გულთბილი სურვილები გადასცეს ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთის და რუსეთის მეთაურებთან, სი ძინპინსა და ვლადიმირ პუტინთან.
ტრამპმა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.
ფორუმი
