ჰარისი ტრამპს რამდენიმე გადამწყვეტ შტატში 4 პუნქტით უსწრებს

“ნიუ-იორკ თაიმსისა” და სიენის კოლეჯის ერთობლივ გამოკითხვებში, ვიცე-პრეზიდენტი სამ მნიშვნელოვან შტატში ლიდერობს. საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვების მიხედვით, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი რესპუბლიკელ კანდიდატს – დონალდ ტრამპს უისკონსინში, პენსილვანიასა და მიჩიგანში 4 პუნქტით უსწრებს.
სამივე იმ გადამწყვეტ შტატებს შორის სახელდება, რომელთა შედეგებზეც ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ბედი შეიძლება დიდწილად იყოს დამოკიდებული. 5-9 აგვისტოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ შტატებში ჰარისს გამოკითხულთა 50% ემხრობა, ტრამპს კი – 46%.
თუმცა, კვლევის მიხედვით, ცდომილების ზღვარიც დაახლოებით იმდენივეა: 4.8% მიჩიგანში, 4.2 პენსილვანიაში და 4.3 უისკონსინში. გამოკითხვაში მონაწილეობა 2 000-მდე ადამიანმა მიიღო.
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და მხარდაჭერა ჰარისს გამოუცხადა, დემოკრატთა რეიტინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდა. ძველი გამოკითხვებით, კრიტიკული მნიშვნელობის შტატებში ბაიდენი ტრამპს რამდენიმე პუნქტით ჩამორჩებოდა, მაგრამ ჰარისის კანდიდატად დასახელებამ და მის საარჩევნო მარათონში ჩართვამ, საარჩევნო დინამიკა მაშინვე შეცვალა.
გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებული კიდევ ერთი, “იფსოსის” კვლევის მიხედვით, ჰარისი ტრამპს პოპულარობით მთელი ქვეყნის მასშტაბით უსწრებს. დემოკრატმა კანდიდატმა გამოკითხულთა 42%-ის ხმა მიიღო, ტრამპმა კი – 37%. ონლაინ გამოკითხვაში, რომელიც 2-7 აგვისტოს ჩატარდა, მონაწილეობა 2 045-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო. ცდომილების ზღვარი “იფსოსის” კვლევაში 3%-ს შეადგენდა.
ოფიციალურ ნომინანტად ჰარისს დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე, ე.წ. კონვენციაზე დაასახელებენ, რომელიც ჩიკაგოში, ილინოისის შტატში, 19-22 აგვისტოს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები კი შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს არის დანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ