ჰარვარდმა დაფინანსების გაყინვის გამო თეთრი სახლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ჰარვარდის უნივერსიტეტმა გამოაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნებზე უარის თქმის შემდეგ მათთვის 2.2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსების გაყინვის გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
საგანმანათლებლო დაწესებულების თანახმად, დაფინანსების გაყინვა “უსამართლო და კაპრიზულია” და კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლების უფლებებსა და სამოქალაქო უფლებების აქტის მეექვსე მუხლის კანონით გათვალისწინებულ დებულებებს არღვევს.
“მთავრობას არ დაუსახელებია და ვერ დაასახელებს რაიმე რაციონალურ კავშირს ანტისემიტიზმზე შეშფოთებებსა და მთავრობის მიერ გაყინულ სამედიცინო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სხვა სახის კვლევებს შორის, რომლებიც ამერიკული სიცოცხლეების გადარჩენას, ამერიკული წარმატების ხელშეწყობას, ამერიკის უსაფრთხოების დაცვასა და ამერიკის, როგორც ინოვაციის მხრივ გლობალური ლიდერის, პოზიციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად”. – წერია საჩივარში.
ჰარვარდის საჩივარს თეთრი სახლი მალევე გამოეხმაურა – თეთრი სახლის სპიკერმა, ჰარისონ ფილდსის განაცხადა, რომ უნივერსიტეტი “ზედმეტი ჯამაგირის მქონე ბიუროკრატებს” გაჭირვებული ამერიკული ოჯახების გადასახადებით ამდიდრებდა და ჰარვარდი გადასახადებით დაფინანსების პრივილეგიას არ იმსახურებს.
“სრულდება ფედერალური დახმარების იოლი შემოსავლის წყარო ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიც ჰარვარდია, რომლებიც ძალზე გადაჭარბებული ჯამაგირის მქონე ბიუროკრატებს გაჭირვებული ამერიკული ოჯახების გადასახადებით ამდიდრებდნენ. […] გადასახადების გადამხდელთა სახსრებით დაფინანსება პრივილეგიაა, ხოლო ჰარვარდი ამ პრივილეგიაზე წვდომის ელემენტარულ წინაპირობებსაც ვერ აკმაყოფილებს”. – წერია ფილდსის მეილში.
მანამდე, თეთრმა სახლმა ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის $2.2 მილიარდის ოდენობის დაფინანსება გაყინა მას შემდეგ, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ უარი თქვა მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
14 აპრილს ტრამპის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უნივერსიტეტისთვის ფედერალური დაფინანსების შეჩერება დააანონსა. მანამდე ჰარვარდში განაცხადეს, რომ მთავრობის მხრიდან დაწესებულების რეგულაციის მცდელობაზე უარს ამბობდნენ.
ამავე დღეს ჰარვარდის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა, განაცხადა, რომ უარი განაცხადა ადმინისტრაციის მხრიდან წინა კვირას წამოყენებულ მოთხოვნებზე, რომელიც, მისი თქმით, “მთავრობის მხრიდან ჰარვარდში ინტელექტუალური გარემოს პირდაპირი რეგულირების” მცდელობა იყო.
გარბერის თქმით, პარასკევს ღამით ტრამპის ადმინისტრაციამ “განახლებული და უფრო ვრცელი მოთხოვნათა სია” გაუგზავნა, რომელსაც თან ახლდა გაფრთხილება, რომ დაწესებულება “უნდა დაემორჩილოს” მოთხოვნებს, რათა მთავრობასთან “ფინანსური ურთიერთობა” შეინარჩუნოს.
ვრცლად: tabula.ge