ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, ცახი ჰანეგბიმ თქვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ოპერაციის ყველა მიზანს მიაღწიეს, თუმცა ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა. მისი თქმით, ოპერაციის შედეგებზე ომის კაბინეტმა შეხვედრისას იმსჯელა, სადაც პრემიერმინისტრმა ნეთანიაჰუმ თქვა, რომ “ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია”.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაცია ზუსტად სამი კვირის წინ დაიწყო. ჰანეგბიმ დაადასტურა, რომ ისრაელელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი უკვე ქალაქ ღაზაში ოპერირებს. მისი თქმით, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ათასობით ტერორისტი მოკლეს, მათ შორის ჰამასის მაღალი იერარქიის პირებიც.
“ჩვენი მიზანია რომ მივაღწიოთ ომის დასრულებას, და ომის დასასრული ჰამასის დასასრულიც იქნება” – თქვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცახი ჰანეგბიმ.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვა იქამდე არ გაჩერდება, სანამ ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობები ბოლომდე არ განადგურდება.