ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ცახი ჰანეგბის თქმით, ისრაელი თანახმაა ღაზის სექტორს რეფორმირებული პალესტინური მთავრობა მართავდეს. მისი თქმით, ომის შემდეგ შესაძლოა ისრაელის მთავრობამ შეარბილოს თავისი პოზიცია ღაზის სექტორის პალესტინური მხარის მიერ მართვასთან დაკავშირებით.
ჰანეგბის ტექსტი საუდის არაბეთის ვებგვერდ Elaf News-ზე გამოქვეყნდა. ჰანეგბი ამტკიცებს, რომ ისრაელის მთავრობას სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ მონაწილეობა მიიღოს ღაზის სექტორის აღდგენის პროცესში.
“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიღმა, რაზეც კომპრომისზე არ წავალთ, ისრაელს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ღაზის სექტორში სამოქალაქო საქმეებს აკონტროლებდეს. და ჩარევის საჭიროებაც არ იქნება, თუ იქნება ზომიერი პალესტინური მთავრობა, რომელსაც მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ექნება. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის” – წერს ჰანეგბი.
ჰანეგბიმ ასევე ახსენა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა პალესტინური მთავრობისადმი, რომ ღაზის სექტორში კონტროლი აღადგინონ. ამასთან დაკავშირებით, ცახი ჰანეგბი წერს, რომ მხოლოდ კონტროლის აღდგენა საკმარისი არ იქნება, თუ არ გატარდება რეფორმები, რაც ისრაელის წინააღმდეგ ძალადობას აღკვეთს.