ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მისასალმებელია, თუმცა ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო – ფიქრობს ბობ ჰამილტონი, ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის დირექტორი. პოლკოვნიკს მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთში, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში ბოლო დროს უფრო და უფრო მეტად ხედავენ, როგორც ამერიკის მოწინააღმდეგეების – ჩინეთისა და ირანის მიმართ მეგობრულად განწყობილ მთავრობას, ეს კი ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ რესპუბლიკელი ლიდერების კეთილგანწყობას მოუტანს. ამასთან, მისი აზრით, სანქცირებული ხელისუფლების მეთაურობით მოქმედ ჯართან და თავდაცვის ძალებთან სამხედრო თანამშრომლობაც ნაკლებ მიზანშეწონილი გახდება.
– 2025 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. განმარტებაში ნათქვამი იყო, რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, არამედ, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაა. რას ფიქრობთ ვაშინგტონის ამ ნაბიჯზე და ამ შეფასებაზე?
ეს საშუალებას აძლევს ამერიკის მთავრობას მომავალში [სანქციების] ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს ახალი რაუნდები მთავრობის წარმომადგენლების მიმართ.
– ივანიშვილის სანქცირება ვფიქრობ, ნამდვილად მისასალმებელია და საჭირო იყო. დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულიც კია. მაგრამ ეს აუცილებლად დააკისრებს მას საფასურს. ეს იქნება საზღაური საქართველოს მთავრობისთვის მისი ავტორიტარული შებრუნებისთვის, არა მხოლოდ ანტიდასავლური, არამედ – პრორუსული მიმართულებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მთავრობამ გამოიყენა სანქციების ის მექანიზმი და კანონმდებლობა, ის უფლებამოსილება, რომელიც საშუალებას იძლევა დაასანქცირონ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან.
ეს სიგნალი იყო ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან საქართველოს მთავრობისთვის, რომ ახლა ამერიკა საქართველოს ტრაექტორიას აი, ასე ხედავს – არა მხოლოდ როგორც მზარდად ავტორიტარულს და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივ ავტორიტარიზმს, მაგრამ ასევე იმ ევროპული მომავლისგან დაშორებას, რომელიც ქართველი ხალხის 80%-ის თქმით, მას სურს, და რუსეთისკენ მიბრუნებას. სანქციების გამოცხადება, და ის გზა, რაც ადმინისტრაციამ მის დასაწესებლად გამოიყენა, იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ ასევე, როგორც პრორუსულსაც.
– ახსენეთ, რომ ეს დაგვიანებული ნაბიჯიც კია. რატომ ფიქრობთ, რომ ეს სანქცია უფრო ადრეც უნდა დაწესებულიყო. და თუ ასეა, რა რეალური გავლენა ან ძალა ექნება ახლა მას? რას ნიშნავს ვაშინგტონისგან მისი ახლა, სწორედ ამ ეტაპზე დაწესება?
– დიახ, როგორც გითხარით, ეს ნაბიჯი გვიან გადაიდგა. ვფიქრობ, შეიძლებოდა ეს 6 თვის წინაც კი გაგვეკეთებინა, ან ერთი წლის წინაც კი, შეგვეძლო 2023 წელსაც კი გაგვეკეთებინა, როცა უცხოეთის აგენტების კანონი წარმოადგინეს და ამას პროტესტი მოჰყვა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ამის ბევრი შესაძლებლობა იყო, რადგან ნათელი ხდებოდა, რომ ეს მთავრობა მზარდად ავტორიტარული და მზარდად ანტიდასავლური იყო, [მოქმედებდა] ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ.
ვერ ვიტყვი იმას, რომ ერთი წლის ან წელიწადნახევრის წინ რომ გაგვეკეთებინა ეს, საქართველო ახლა სრულებით განსხვავებულ ტრაექტორიაზე იქნებოდა და პროევროპული, ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდებოდა. მაგრამ ჩვენ ნამდვილად დავუშვით ამ პროცესის განვითარება ზედმეტად დიდხანს საქართველოს მთავრობისთვის რეალური შედეგების ან საზღაურის გარეშე… უფრო ადრე უნდა გამოგვეყენებინა ეს ინსტრუმენტები და ბერკეტები რაც გვქონდა, რათა გვეცადა და შეგვეჩერებინა ავტორიტარიზმისკენ და ანტიდასავლური მიმართულებით, ქართველი ხალხის სურვილების საწინააღმდეგოდ სვლა.
ამ მთავრობასთან ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია მის ლეგიტიმაციას ახდენს. მთავრობის, რომელზეც ვფიქრობ, დასავლური მთავრობების უმრავლესობა თანხმდება, რომ არალეგიტიმურია.
– მაშინ რატომ გადაწყდა ივანიშვილის დასანქცირება ახლა? რაზე მიუთითებს ეს? ჩვენ არ გვინახავს ფინანსური სანქციები პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის ან იმ მაღალი რანგის ხელისუფალთა მიმართ, ვისაც მთავრობაში ოფიციალური პოზიცია აქვს და ამა თუ იმ კონკრეტულ ნაბიჯზე თუ კანონზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი. რაზე მიუთითებს ის, რომ სანქციების სამიზნე ბიძინა ივანიშვილი გახდა?
– ეს კარგი შეკითხვაა და აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. თუმცა მას არ აქვს ფორმალური სამთავრობო როლი, ის არც პრეზიდენტია, არც პრემიერი და არც მინისტრი. შესაბამისად, ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავიდან აიცილოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის, პრეზიდენტის ან სხვათა სანქცირება. ის ასევე აძლევს მას საშუალებას მომავალში [სანქციების] ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს სანქციების ახალი რაუნდები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, როგორც ეს სხვა პირების თუ კომპანიების მიმართ გაგვიკეთებია. ასე ვიქცეოდით 2014 წლის შემდეგ რუსეთთან მიმართებით.
ეს ასევე არის დე-ფაქტო აღიარება იმის, რომ ქვეყანას [ბიძინა] ივანიშვილი მართავს. ისაა საქართველოში ყველაზე ძლევამოსილი პირი, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამთავრობო როლი. ის ქვეყანას კულისებიდან მართავს და ვფიქრობ ეს სანქციები იმიასაც აღნიშვნაც იყო, რომ ჩვენ ეს გვესმის.
– ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქცია არასდროსაა თვითმიზანი და ის კონკრეტული პირისა თუ ჯგუფის წინააღმდეგ იმიტომ წესდება, რომ მათ ქცევა, კურსი შეცვალონ. და რომ ყოველთვის რჩება სივრცე მათი გაძლიერების, გამკაცრების, უფრო მაღალ დონეზე აყვანის. რა ხდება ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით? რა შეიძლება კიდევ ვიხილოთ?
ძალიან კარგია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები არ ხდება პირდაპირ ჩართული მთავრობასა და ხალხს შორის ამ დაპირისპირებაში. მაგრამ არ მგონია, რომ ამერიკის ან ქართველი ხალხის ინტერესებში იყოს ის, რომ სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს, როცა სხვა ტიპის თანამშრომლობა გაყინულია.
– უპირველეს ყოვლისა, სანქციების მიზანი არის უცხო ქვეყნის მთავრობის ან კონკრეტული პირის მიერ ამა თუ იმ კონკრეტულ ქცევაზე პასუხისმგებლობის, საფასურის დაწესება. მხოლოდ სანქციები იშვიათად ცვლის [ვინმეს] ქცევას. ამან უნდა იმოქმედოს სხვა ბერკეტებთან, კომბინაციაში – დიპლომატიურ, საინფორმაციო, შეიძლება სხვა ეკონომიკურ ინსტრუმენტებთან ერთად. მთავრობამ შეიძლება შეცვალოს ქცევა, როდესაც ის წნეხის წინაშეა სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ ფინანსური სანქცია, თუკი მართლაც მთელი ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენა ამაზე არაა დამოკიდებული, იშვიათად ცვლის ქცევას. მაგრამ ის ზრდის ამ ქცევის საზღაურს. სხვა ინსტრუმენტებთან ერთად. იქნება ეს დიპლომატიური, საინფორმაციო, ეკონომიკური, ზოგჯერ პოზიტიური წახალისებაც კი – ყოვლისმომცველ მიდგომას შეუძლია ქცევის შეცვლა. სანქციების მიზანი კი საზღაურის დაწესება და სიგნალის გაგზავნაა.
რაც შეეხება უშუალოდ ივანიშვილის დასანქცირებას, ეს დიდი ნაბიჯია… გვქონდა სანქციები სხვადასხვა მაღალჩინოსნის, მოსამართლის წინააღმდეგ, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების სანქციები არ გვინახავს, პრემიერი იქნებოდა ეს თუ სხვა მინისტრები. ეს კვლავ უტოვებს შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ ისინიც დაასანქციროს, და მათ ვერ შეძლონ მაგალითად, ამერიკაში ჩამოსვლა თავისი ოფიციალური ფუნქციების შესასრულებლად.
კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც ამერიკას შეუძლია საზღაურის გასაზრდელად, არის სანქციების ივანიშვილის ოჯახზე და მის ახლობლებზე გავრცელება. როგორც ეს რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გავაკეთეთ. რაც უშუალოდ მისთვის და მისი ოჯახისთვის გაზრდის [ამ ქმედებებისთვის] საფასურს. თუ ვიგრძნობთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, შესაძლებელია სანქციების მის ოჯახზე და ახლო წრეზე გავრცელება. თუნდაც მთავრობის დასანქცირების გარეშეც კი, პირადად მისი პასუხისმგებლობის გაზრდა.
– ზოგიერთი შეფასებით, ამ სანქციის გზავნილი შეიძლება იმაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს, ვიდრე უშუალოდ ფინანსური ზიანი – რომ ეს ქართველ ხალხთან ერთად, “ქართული ოცნების” შიდა წრესაც მიემართება და მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელშეუხებელი არაა და შესაბამისად, ვერც სხვა ვინმე გაექცევა ამგვარი პასუხისმგებლობას. ფიქრობთ, რომ ამან შიდა შესაძლოა პოლიტიკურ პროცესზე რეალური გავლენა მოახდინოს?
– დარწმუნებული ვარ ეს იქნებოდა თეთრი სახლის გათვლის ერთ-ერთი ნაწილი, რომ თუკი ამ ადამიანს ისე ხედავენ, თითქოს ის კანონზე მაღლა დგას, [აჩვენონ, რომ] ეს ასე არაა, ყოველ შემთხვევაში, არა ამერიკული კანონმდებლობით. რაც შეეხება შიდა რღვევას, ეს ძნელი სათქმელია.