სამშაბათს, 28 ნოემბერს, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მეხუთე დღეს, პალესტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ წითელ ჯვარს გადასცა ათი ისრაელელი მძევალი – ცხრა ქალი და 17- წლის გოგონა.
გარდა ამისა, ისრაელს გადასცეს ორი უცხოელი მძევალი – ტაილანდის მოქალაქეები. მანამდე მედია წერდა, რომ „ჰამასმა“ შესაძლოა ექვსიდან რვა უცხოელამდე გაათავისუფლოს.
თავის მხრივ, ისრაელმა ციხეებიდან გაათავისუფლა 30 პალესტინელი პატიმარი – 15 ქალი და 15 არასრულწლოვანი.
ღაზაში „ჰამასის“ მძევლად ჯერაც რჩება რვა ბავშვი.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 24 ნოემბრიდან მოქმედებს. შესვენება უნდა გამოყენებულ იქნეს ღაზიდან ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვების, ასევე პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ.
დროებითი ზავი თავდაპირველად ოთხი დღით შეათანხმეს. ამ ხნის განმავლობაში ისრაელში დაბრუნდა 51 ისრაელელი და 20-ზე მეტი უცხოელი.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება 27 ნოემბერს კიდევ ორი დღით გააგრძელეს ფორმულით – ყოველდღე 10 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება 30 პალესტინელის სანაცვლოდ. მედიის თანახმად, ამის შემდეგ დროებითი ზავი შესაძლოა კიდევ ორი დღით გაგრძელდეს.
კონფლიქტის მოგვარების საქმეში სხვებთან ერთად შუამავლების როლში გამოდიან ეგვიპტე და კატარი. ამჟამად დოჰაში იმყოფებიან ეგვიპტის, კატარის, ამერიკისა და ისრაელის ოფიციალური პირები. კატარის დედაქალაქში ასევე ჩავიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი.