ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ გაათავისუფლა მძევლად აყვანილი ტაილანდის 12 მოქალაქე, აცხადებს ტაილანდის პრემიერ-მინისტრი.
7 ოქტომბრის თავდასხმისას „ჰამასის“ მებრძოლებმა გაიტაცეს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, მათ შორის, ტაილანდელებიც. ისინი ისრაელში სამუშაო ვიზით იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისრაელში ათიათასობით სამხრეთ აზიელია დასაქმებული.
„ბი-ბი-სი“ აღნიშნავს, რომ ეს არ არის კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ნაწილი, რომლითაც ღაზაში ოთხი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, „ჰამასმა“ კი 50 მძევლის გათავისუფლების ვალდებულება აიღო ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელის გათავისუფლების სანაცვლოდ.
ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ტაილანდელთა გათავისუფლება სწორედ კაიროს „ინტენსიური ძალისხმევის“ შედეგია. „ჰამასში“ ჯერ ამ საკითხზე არაფერს ამბობენ, ხოლო ტაილანდის პრემიერის ცნობით, მძევალთა გამოსაყვანად უკვე გავიდნენ საელჩოს წარმომადგენლები. გათავისუფლებულთა ვინაობა ჯერ უცნობია.
რაც შეეხება ისრაელისა და „ჰამასის“ შეთანხმებას 50 მძევლის გათავისუფლებაზე, იგი დღეს შევიდა ძალაში. „ბი-ბი-სის“ ცნობით, უახლოეს საათებში ელიან „ჰამასის“ მძვევლად მყოფი 13 ისრაელელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას, რასაც ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.
ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.
ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.