“ჰამასმა” მძევლების მეხუთე ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცა. არსებული ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია 10 მძევლის გათავისუფლება, კიდევ 10 მძევალი კი ღაზის სექტორს უკვე ხვალ დატოვებს.
სამშვიდობო ზავი კიდევ 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, ისრაელმა “ჰამასს” ხვალ 60 პალესტინელი უნდა გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 14 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.