„როიტერსი“ იუწყება, რომ დაჯგუფება ჰამასმა, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ღაზის ქალაქ დეირ ალ ბალაჰში სამი მძევალი გადასცა „წითელ ჯვარს“, რომელიც მათ ისრაელის სამხედროებამდე მიიყვანს.
მათ შორისაა ოჰად ბენ ამი და ელი შარაბი, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას ჰამასმა გაიტაცა კიბუც ბეერიდან, ასევე ორ ლევი, რომელიც იმავე დღეს მუსიკალური ფესტივალიდან მოიტაცეს.
სანაცვლოდ ისრაელი გაათავისუფლებს 183 პალესტინელ პატიმარს, რომელთა ნაწილს ბრალად ედება ათეულობით ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობა. ჰამასის თანახმად, აქედან 18 სამუდამო სასჯელს იხდიდა, ხოლო 111 ომისას დააკავეს ღაზაში.
ამ ეტაპისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ჰამასმა დააბრუნა ისრაელის ცამეტი და ტაილანდის ხუთი მოქალაქე, სანაცვლოდ კი ისრაელმა 583 პალესტინელი დაკავებული გაუშვა.
თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა, რომ პალესტინელები ღაზიდან გადაასახლონ და ტერიტორია აშშ-მ გადაიბაროს, გაიზარდა საშიშროება, რომ შეთანხმება ჩავარდეს.
არაბული სახელმწიფოები და პალესტინური ჯგუფები ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა ტრამპის იდეას, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი ჯარს უბრძანა, შეადგინონ გეგმა, რომელიც დაეხმარება იმ პალესტინელებს, ვისაც ღაზის დატოვება ენდომება.
ისრაელისა და ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველ ეტაპზე, ჰამასი 2000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს 33 მძევალს. მათ შორის არიან ბავშვები, ქალები, ავადმყოფები, დაჭრილები და ხანდაზმულები.
მიმდინარე კვირაში დაიწყო მოლაპარაკებები მეორე ფაზის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებასა და ღაზიდან ისრაელის ჯარის მთლიანად გასვლას.
ჰამასი ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, მოკლა დაახლოებით 1200 ადამიანი და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა.
საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სახმელეთო და საჰაერო ომი დაიწყო, რომელსაც მას შემდეგ 47 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებად იქცა.
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/11/E183A9E18390E183A0E18399E18395E18398E18390E1839CE18398-X595aB-300x296.jpeg)