პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, მზად არის გაათავისუფლოს ისრაელის ტერიტორიიდან 2023 წლის ოქტომბერში გატაცებული ერთ-ერთი მძევალი, სამხედრო მოსამსახურე ედან ალექსანდერი. მას ისრაელის და აშშ-ის მოქალაქეობა აქვს.
ჰამასის მზადყოფნის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის The Times of Israel და BBC.
წყაროების თანახმად, ჰამასი ედან ალექსანდერის გათავისუფლებას დასთანხმდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ, რომელიც 13 მაისს იწყება და იმ იმედით, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის განახლებას.
ჰამასის მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კატარში პირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებენ და ეს პროცესი დღეს, 12 მაისს უნდა დასრულდეს. ვაშინგტონმა ისრაელის მთავრობას უკვე აცნობა, რომ ჰამასი ედან ალექსანდერის გათავისუფლებას აპირებს.
11 მაისს, ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ედან ალექსანდერი თავის ოჯახს დაუბრუნდება.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება პირველი იმ დასკვნითი ნაბიჯებიდან, რომლებიც აუცილებელია სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლად.
21 წლის ედან ალექსანდერი თელ-ავივში დაიბადა, მაგრამ აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში გაიზარდა. ის ისრაელის არმიის ქვეითთა ელიტურ ქვედანაყოფში ღაზის სექტორის მახლობლად მსახურობდა, როცა 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის შეიარაღებულმა ჯგუფებმა გაიტაცეს კიდევ ათეულობით ადამიანთან ერთად.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ამას მოჰყვა ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას ჰამასმა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
პირველ ეტაპზე, რომელიც 1 მარტს დასრულდა, ჰამასმა ისრაელს დაუბრუნა 33 მძევალი (მათგან 8 ცხედარი), ხოლო ისრაელმა გაათავისუფლა დაახლოებით 1800 პალესტინელი პატიმარი. მეორე ეტაპის პირობების შეთანხმება ვეღარ მოხერხდა, რის შემდეგაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია და ღაზის სექტორის ბლოკადა განაახლა.
არსებული მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში რჩება 59 ადამიანი, რომელთაგან ცოცხალია სავარაუდოდ, 24. გრძელდება საერთაშორისო ძალისხმევა მძევლების გათავისუფლებისა და მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
პალესტინური მხარის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მაისამდე ღაზის სექტორში დაიღუპა 53 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი
