ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის დადებული გარიგებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი დღით გახანგრძლივების სანაცვლოდ, 28 ნოემბერს ჰამასმა კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 10 ისრაელელი და 2 ტაილანდის მოქალაქე.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, გათავისუფლებული მძევლები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამჟამად მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ, რის შემდეგაც ისინი ოჯახებს შეხვდებიან.
IDF-ი საზოგადოებას გათავისუფლებული მძევლებისა და მათი ოჯახების მიმართ “მოთმინებისა და გულისხმიერებისკენ მოუწოდებს”.
24 ნოემბერს ისრაელის დროით დილის 7 საათზე ღაზის სექტორში დროებითი ჰუმანიტარული ზავი დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, ტყვეთა გათავისუფლების პირველ ეტაპზე ჰამასმა სულ 50 მძევალი, მომდევნო 4 დღის განმავლობაში კი დანარჩენი მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მოგვიანებით, ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციის მხრიდან ორივე დღეს 10-10 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დროებითი ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.
26 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელი მიესალმება ზავის გაგრძელებას იმ პირობით თუ ჰამასი ზავის ყოველ დამატებით დღეს 10 მძევალს გაათავისუფლებს.