კიბუცი ბეერი ავრცელებს ცნობას, რომ დასახლების ორი მკვიდრი იოსი შარაბი და ითაი სვირსკი ჰამასის ტყვეობაში დაიღუპნენ.
ეს არის პირველი საჯარო განცხადება ამ ორი კაცის სიკვდილის შესახებ.
კიბუცი, საიდანაც შარაბი და სვირსკი გაიტაცეს, ითხოვს, რომ ცხედრები დასამარხად გადაეცეთ.
შარაბი და სვირსკი ჰამასმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცა, როცა 1 200-მდე ადამიანი მოკლეს და 240-ზე მეტი მძევალი აიყვანეს.
ორივე კაცი მონაწილეობდა ჰამასის მიერ ამ კვირაში გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოში.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი გამოეხმაურა ჰამასის ცნობას, რომ ისრაელის იერიშს ემსხვერპლა შენობაში მყოფი სამიდან ორი მძევალი. მისი თქმით, ეს სიცრუეა, თუმცა აღნიშნა, რომ, შესაძლოა, მძევლები იერიშის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილიყვნენ და საფრთხე შეჰქმნოდათ.
შარაბი გატაცებულია საკუთარ ძმასთან ერთად. სვირსკის კი ორივე მშობელი 7 ოქტომბერს მოუკლეს.
მძევლები აყვანილი ჰყავს როგორც ჰამასს, ისე სხვა პალესტინურ დაჯგუფებებსაც.
რამდენიმე კვირის წინ შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა ისრაელის 105 მოქალაქე. აქამდე 4 სხვა ქვეყნების შუამავლობითგაათავისუფლეს, 1 კი სამხედროებმა დაიხსნეს. ასევე, აღმოაჩინეს 8 მძევლის ცხედარი, 3 კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა შემთხვევით მოკლეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურა ჰანასის ტყვეობაში მყოფი 27 მძევლის სიკვდილი. ცნობების მიხედვით, დაჯგუფების ხელშია 132 მძევალი.