ჰამასის პოლიტბიუროს მეთაურის მოადგილე, სალეჰ არ-არური ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ მიტანილ იერიშს ემსხვერპლა. თავდაპირველად მედიაში გავრცელებული ცნობა ტერორისტულმა ჯგუფმა დაადასტურა.
ისრაელს სავარაუდო იერიშზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთევია. აქამდე, ნოემბერში ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობდა, რომ მან მოსადს – საგარეო დაზვერვას, მისცა განკარგულება ემოქმედათ ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ.
ჰამასის პოლიტბიუროს მეთაურის, ისმაილ ჰანიას მოადგილე, 57 წლის სალეჰ ალ-არური ლიბანში ცხოვრობდა. ის მიიჩნეოდა დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის სამხედრო ფრთის დე ფაქტო ლიდერად.
ისრაელის სადაზვერვო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ ალ-არური მონაწილეობდა 2014 წელს 2 ისრაელელი თინეიჯერის მოტაცებასა და მკვლელობაში, ასევე სხვა თავდასხმებში.
მან ისრაელის ციხეებში რამდენიმე წელი გაატარა. გაათავისუფლეს 2010 წელს, ტყვეების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში. მაშინ 2006 წელს ჰამასის მიერ გატაცებული სამხედრო, გილად შალითის გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელმა ციხიდან 1 000-მდე პალესტინელი გაუშვა. შალითი 2011-ში გაათავისუფლეს.
გათავისუფლების შემდეგ ჰამასის მაღალჩინოსანი სტამბოლში გადავიდა, თუმცა ქალაქის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. სირიაში ცხოვრების შემდეგ, არური ლიბანში, ბეირუთში გადავიდა.
როგორც ისრაელის მედიაში წერენ, ალ-არური იყო ჰამასის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც განსაკუთრებით დაახლოებული იყო ირანთან და ჰეზბოლასთან, რომელიც ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს. ლიბანში მდებარე დევინლთა ბანაკებიდან ალ-არურიმ ჰამასის ადგილობრივი ძალები შექმნა. მათ უტარდებოდათ წვრთნები და ჰქონდათ მცირე რაოდენობით რაკეტებიც.