ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ომის დამთავრებისთვის და მძევლების გამოშვებისთვის პირობები წარადგინა, რაც ისრაელის მიერ ჯარების სრულად გაყვანასა და ღაზაში ჰამასის ძალაუფლებაში დარჩენას მოიცავს. ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან ეს პირობები პირდაპირ უარყო.
“მძევლების გამოშვების სანაცვლოდ, ჰამასი ომის დამთავრებას, ღაზიდან ჩვენი ძალების გამოყვანას, და ყველა მკვლელისა და მოძალადის გათავისუფლებას ითხოვს”. – განაცხადა ნეთანიაჰუმ სიტყვით გამოსვლისას.
2023 წლის ნოემბრის ბოლოს აშშ-ს, კატარისა და ეგვიპტის შუამდგომლობით დადებული შეთანხმებით, ჰამასმა დროებითი ზავის და პალესტინელი პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ 240 აყვანილი მძევლიდან 110 მათგანი გამოუშვა.
“მე ცალსახად უარვყოფ ჰამასის მონსტრების მხრიდან დანებების პირობებს”. – თქვა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, “ჰამასის მიერ შემოთავაზებული პირობები მარტივ სიმართლეს უსვამს ხაზს – გამარჯვებას ვერაფერი ჩაანაცვლებს. მხოლოდ სრული გამარჯვება უზრუნველყოფს ჰამასის განადგურებას და ყველა მძევლის დაბრუნებას”.
ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ღაზის სექტორში ომი, სავარაუდოდ, კიდევ თვეები გაგრძელდება, ვინაიდან საჰაერო და სახმელეთო კამპანიის მიუხედავად, ჰამასის განადგურება კვლავ მიუღწეველ მიზნად რჩება.
ამას გარდა, აშშ-დან წამოსული წნეხის შედეგად, ისრაელმა ღაზის სექტორიდან ათასობით ჯარისკაცი გამოიყვანა, რათა მოქმედებები ფართომასშტაბიანი კამპანიიდან შედარებით წერტილოვანი იერიშების ფაზაში გადავიდეს.