„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრის, ღაზი ჰამადის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადება, რომ „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია, იმის აღიარებაა, რომ „ისრაელმა უკვე მარცხი განიცადა“.
ღაზი ჰამადის შეფასებიით, ჰაგარის განცხადება „გულწრფელი აღიარებაა“.
„ეს შეცვლის ისტორიის კურსს და დაარწმუნებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მოძრაობა „ჰამასი“ დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე და იქნება სოციალური სტრუქტურისა და წინააღმდეგობის სტრუქტურის მუდმივი ნაწილი“, – აღნიშნა „ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა.
მისი მტკიცებით, დანიელ ჰაგარის კომენტარები ისრაელის მთავრობაში უთანხმოების მტკიცებულებაა და ისრაელელები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, „ჰამასის“ აღმოფხვრა შეუძლებელია. „ჰამასის“ განადგურების, „ჰამასის“ გაქრობის საქმე – უბრალოდ საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრაა. „ჰამასი“ არის იდეა, „ჰამასი“ არის პარტია. ის ხალხის გულებშია ფესვგადგმული – ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ შეგვიძლია „ჰამასის“ აღმოფხვრა, ცდება,“ – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა, რომ არმია ერთგულია მთავრობის განცხადებული ომის მიზნების, მათ შორის „ჰამასის“ მმართველობისა და სამხედრო შესაძლებლობების განადგურების მიმართ და რომ ჰაგარიმ ინტერვიუში ისაუბრა “ჰამასის“, როგორც იდეოლოგიისა და იდეის აღმოფხვრაზე.