AbzasMedia-ს დაპატიმრებული დირექტორი ულვი ჰასანლი ადამიანის უფლებათა ვაცლავ ჰაველის პრემიაზე ნომინანტთა სიაში მოხვდა. ამავე სიაშია ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი და უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი.
პრემია გაიცემა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამორჩეული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის.
ულვი ჰასანლი 2016 წლიდან არის AbzasMedia-ს დირექტორი. PACE-ის ცნობით, ჯერ კიდევ 2011 წლიდან ის ხელისუფლების მხრიდან დევნას განიცდიდა – უსაფუძვლო დაპატიმრებებს, წამებასა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს:
„ულვი ჰასანლი 2025 წლის ივნისში 9 წლით თავისუფლების აღკვეთით იქნა დასჯილი და ამჟამად მძიმე პირობების ციხეში იმყოფება. პატიმრობისას რამდენჯერმე შიმშილობდა, მიუხედავად პატიმრობისა, ის ინარჩუნებს ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი და წინააღმდეგობის სულისკვეთებას“.
პრემიის გამარჯვებული გამოცხადდება სექტემბრის 29-ს, სტრასბურგში, PACE-ის საშემოდგომო პლენარული სესიის გახსნაზე.
ადამიანის უფლებათა ვაცლავ ჰაველის პრემია ყოველწლიურად გადაეცემა 2013 წლიდან. 2014 წელს ამ პრემიით დაჯილდოვდა აზერბაიჯანელი უფლებადამცველი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ანარ მამედლი.
ულვი ჰასანლი 2023 წლის ნოემბერში „Abzas Media-ს საქმესთან“ დაკავშირებით დააპატიმრეს. მასთან ერთად დაკავებულები არიან AbzasMedia-ს მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი, რეპორტიორები ნარგიზ აბსალამოვა, ელნარə გასიმოვა, დირექტორის მოადგილე მაჰამად კეკალოვი, ასევე საგამოძიებო ჟურნალისტი ჰაფიზ ბაბალი და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ეკონომისტი ფარიდ მეჰრალიზადე.
2025 წლის ივნისის 20-ს, ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულვი ჰასანლი, სევინჯ ვაგიფგიზი, ჰაფიზ ბაბალი და ფარიდ მეჰრალიზადე 9 წლით, რეპორტიორები ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა 8 წლით, ხოლო დირექტორის მოადგილე მაჰამად კეკალოვი 7 წლითა და 6 თვეთი თავისუფლების აღკვეთით დაისაჯნენ.
ისინი დამნაშავედ სცნეს კონტრაბანდასა და სხვა დანაშაულებში. ჟურნალისტები უარყოფენ წარდგენილ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათი დაკავება პოლიტიკური შეკვეთა იყო – კორუფციის გამოძიების გამო.
„აზერბაიჯანის პოლიტიკური პატიმრების თავისუფლების“ გაერთიანების უახლესი სიის მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში 375 პოლიტიკური პატიმარი იმყოფება.
აზერბაიჯანის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ და აცხადებს, რომ არავინ იდევნება განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური პოზიციის გამო, არამედ ისინი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის არიან დაპატიმრებულნი.




