ჰაერის ხარისხი მკვეთრად არის გაუარესებული – თბილისში ჰაერში მყარი ნაწილაკები დასაშვებზე ორჯერ მეტია

მოკლედ
· 6 ნოემბრიდან, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის რაოდენობა დასაშვებ ნორმას მკვეთრად სცილდება.
· ჰაერის დაბინძურებას გარემოს ეროვნული სააგენტო სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით ხსნის და ამბობს, რომ ეს ტრანსსასაზღვრო ხასიათის პრობლემაა.
· არც გარემოს დაცვის სამინისტროს და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაბინძურებული ჰაერის პირობებში ზიანის შემამცირებელი რეკომენდაციები არ გაუვრცელებიათ.
15 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ჰაერი მკვეთრად დაბინძურებულია მყარო ნაწილაკებით როგორც თბილისში, ასევე თელავში, ახალციხესა და ქუთაისში.
ჰაერის ხარისხის შემოწმება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პორტალზე air.gov.ge; ამ დროისთვის გათიშულია მესტიის სადგური, საიდანაც პორტალს მონაცემები არ მიეწოდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვრის უმცირესი ნაწილაკები (PM10, PM2.5), რომელიც დღეს თბილისში ზღვრულ დონეს აღემატება, ჰაერის ნებისმიერ სხვა დამაბინძურებელზე მეტად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. მყარი ნაწილაკების შესუნთქვა აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკს.
ფორუმი