ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მათ მიერ 3 მარტს გამოქვეყნებული კვლევაზე გამოძიების დაწყების შესახებ.
იგი აღნიშნავს, რომ „ანგარიში ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ გადამოწმებულ ინფორმაციას“ და „ინსტიტუტი მის მიგნებებს მტკიცედ უჭერს მხარს“.
„ეს კვლევა გამომაფხიზლებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირანი რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალას წარმოადგენს. ავტორების გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება უნდა შეშფოთებულიყო მისი დასკვნებით, რომლებიც ძირითადად საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ უკვე უნდა იცოდეს“, – აცხადებს ის.
6 მარტს ცნობილი გახდა, რომ სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის „ავტორების მოტივაციის“ გამოსაკვლევად. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება).
სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს:
- თინა ხიდაშელი, “ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი;
- ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი;
- გიორგი კანდელაკი 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი;
- გივი თარგამაძე, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი;
- ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე (გამოკითხვაზე მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია 8 მარტს გავრცელდა).
8 მარტს გამოკითხეს გიორგი კანდელაკი, სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი. სწორედ მისი თანაავტორობით მომზადებული კვლევა გამოაქვეყნდა ჰადსონის ინსტიტუტის სახელით.




