ჯუთას გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სოფელ ჯუთასკენ მიმავალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გასულ წელს უნდა დაწყებულიყო. 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ჯუთას გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და გამაგრებითი სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაწყებულია“.
მაშინ უწყება აცხადებდა, რომ აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. ამასთანავე, დეპარტამენტი იუწყებოდა, რომ 2022 წლის ბოლოს დაიწყო პირველადი კვლევები, რომლის მიხედვითაც, გზაზე გამოვლინდა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.
ჯუთასკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ არის დასრულებული. Bpn-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ მეწყრულ მონაკვეთებზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის კვლევები დასრულებულია და ადგილზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება.
„პირველ ეტაპზე განხორციელდება არსებული ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟი, ფერდის გამაგრება ანკერების მეშვეობით და სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები“, – განუცხადეს bpn-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
წყარო: bpn.ge