ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული — პროკურორი

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორის, ირაკლი მარშანიას განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის „ქმედებებიც შემოწმდება“.
მინიმუმ 1,3 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ვლადიმერ ღუდუშაურს და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
„მათ შექმნეს არაკონკურენტული გარემო და შესყიდულ იქნა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ეს არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და გაფლანგულ იქნა დაახლოებით 1 300 000-ზე მეტი“, — განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება „შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე დაიწყო.
კითხვაზე, გამოიკითხულია და გამოძიების ინტერესი არის თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე, პროკურორმა უპასუხა:
„ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის, მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] ქმედებებიც იქნება შეფასებული გამოძიების პროცესში“, — განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
მან არ უპასუხა, ს შესახებ და თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს.
ცნობისთვის, ღუდუშაურსა და ხაინდრავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს — მათ დახმარებას.
ამ თემაზე:
ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეს, “ახლო ნათესავსა” და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი უკვე წარუდგინეს