ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვასთან ერთად დაკავებული ვლადიმერ ღუდუშაური, ბურჭულაძის მინისტრობისას შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ტვ პირველ და შემდეგ IPN-მა გაავრცელეს.
ამ ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა. თუმცა, რა გახდა შუამდგომლობის საფუძველი, IPN-ის თანახმად, ადვოკატი არ საუბრობს. ვლადიმერ ღუდუშაური ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას:
· 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი –სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
· 332-ე მუხლის მეორე ნაწილით – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
„სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. კერძოდ, მისი მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა,“ – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ ჯუანშერ ბურჭულაძისადმი წარდგენილ ბრალში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამ საქმის ფარგლებში მანამდე დააკავა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე, მოადგილე გიორგი ხაინდრავაზე და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური. ღუდუშაურის გარდა სხვა პირები პირები პატიმრობაში რჩებიან.
