ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრების დონეზე აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს.
მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.
უწყება წერს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის არსებულ პატივისცემას, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგსა და ნდობის განმტკიცებას.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს.