ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი გარემოცვა ციხეში რჩება — რა თქვა სასამართლოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელსაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სხდომას, რომელიც დღეს შედგა, თავად ბურჭულაძეც ესწრებოდა და სიტყვის თქმის უფლებითაც ისარგებლა. მისი თქმით, აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის მართვა და მკურნალობა ციხეში შეუძლებელია.
„ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც დაცვის მხარემ დაასახელა, ვადასტურებ და ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ, მასაჟები და ა.შ. რაც ვერ კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაში.
მეორე, არსებითად რა შეიცვალა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება — პატიმრობა, ეს შეიძლება შეეხებოდეს, ბუნებრივია, ძალადობრივ დანაშაულებს. სწორედ იმას ასაბუთებს დაცვის მხარე, რომ ამ საქმეში არ არის მიზანშეწონილი, გამოყენებულ იქნეს ყველაზე მკაცრი ზომა.
მეორე — მტკიცებულებების მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის არსებითი გარემოება, რაც შეიცვალა. აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო, მოეპოვებინა მტკიცებულებები. ეს შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის.
არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა პირდაპირი მტკიცებულებები. ეს არის ის გარემოებები, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მას ისეთი სპეციფიკური მდგომარეობა აქვს, რომელიც ქვეყნის მასშტაბითაც კი არ იკურნება, არათუ ციხის პირობებში. მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთ დაავადებას ესპანეთში მკურნალობდა აქამდე. გარდა ამისა, ჰყავს 8 შვილი, მათ შორის, მცირეწლოვანი, და სასამართლომ ეს უნდა გაითვალისწინოს.
ჯუანშერ ბურჭულაძე ს გარემოცვის წევრად ითვლება. თავის მხრივ, მის საქმეში მისი გარემოცვიდან კიდევ არაერთი პირია დაკავებული. გირაოთია გამოშვებული მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც დღეს სასამართლოს სხდომას არ დასწრებია. პატიმრობაში რჩებიან მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლისძმა ვასილ მხეიძე.