აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკური პარტია“) თბილისში გამართულ “MEGOBARI აქტის” მხარდამჭერ აქციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომელთაც ძლიერი ქვეყანა სურთ ამერიკასთან ახლო კავშირებით. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ გვერდში უდგას საქართველოს! #MEGOBARI”, – წერს ჯო უილსონი.
22 მარტს, 20.00 საათზე თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდა.
მსვლელობაში, რომელიც აშშ-ის სენატში ინიციირებული „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად გაიმართა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები.
“საქართველოს გაუმარჯოს”, “საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას-გაუმარჯოს”, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც ასევე მიჰქონდათ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯიმ რიშის და სხვა სენატორების ფოტოები.
„MEGOBARI აქტში“, ფაქტობრივად, მოცემულია ის ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს – მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, აქტის მიღება ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, – განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.
MEGOBARI აქტი – კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:
· მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
· გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
· ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
· უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
