ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს რუსული ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ს ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონს, რომელიც მანამდე -ის კონგრესმა მიიღო.
დოკუმენტი 90 დღის შემდეგ შევა ძალაში. 2028 წლის იანვრამდე აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო შეძლებს გასცეს ნებართვები დაუსხივებელი მცირედ გამდიდრებული ურანის იმპორტზე, რომელიც წარმოებულია რუსეთში ან რუსეთის კომპანიის მიერ – იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება მიწოდების სხვა წყაროები. შეზღუდვა 2040 წლამდე იმოქმედებს.
თეთრი სახლის მრჩეველმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ „ეს არის ისტორიული კანონი, რომელიც განამტკიცებს აშშ-ის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას და გააუქმებს რუსეთზე დამოკიდებულებას სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში“.
ბაიდენის ადმინისტრაციის აზრით, „ახალი კანონი აღადგენს ამერიკის ლიდერობას ბირთვულ სექტორში“ და „ხელს შეუწყობს აშშ-ის ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომავალი თაობებისთვის“.
თეთრ სახლში ასევე იმედოვნებენ, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ ახლახან გამოყოფილი თითქმის სამი მილიარდი დოლარის უპრეცედენტო ფედერალური დაფინანსების დაწყების პირობებში ქვეყანაში ამუშავდება ურანის გამდიდრების ახალი სიმძლავრეები.
გარდა ამისა, შარშან დეკემბერში შეერთებული შტატები კანადას, საფრანგეთს, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს მოელაპარაკა ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ერთობლივი ინვესტიციების შესახებ თავ-თავიანთ ქვეყნებში გამდიდრებისა და კონვერსიის სიმძლავრეების გასაფართოებლად.
ამერიკის კომპანიები რუსეთს წელიწადში დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს უხდიდნენ გამდიდრებულ ურანში – კომერციული ატომური რეაქტორების ძირითად საწვავში. „როსატომი“ აშშ-ს აწვდის დაახლოებით 20%-ს გამდიდრებული ურანისა, რომელიც გამოიყენება ამერიკის 93 ატომურ რეაქტორში.
ურანის მიწოდება გრძელდებოდა იმის შემდეგაც კი, რაც 2023 წელს გამოჩნდა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ „როსატომი“ რუსეთის იარაღის ბიზნესს აწვდიდა კომპონენტებს, ტექნოლოგიებსა და ნედლეულს სარაკეტო საწვავისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება.

ასევე დაგაინტერესებთ