ჯო ბაიდენმა ისრაელის 4 მოქალაქე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განკარგულება გამოსცა, რომლითაც დასავლეთ სანაპიროზე დასახლებულ ს რამდენიმე მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.
როგორც The Guardian წერს, საუბარია პირებზე, რომლებიც პალესტინელებზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ განკარგულება ფინანსურ და სავიზო შეზღუდვებს უწესებს 4 ინდივიდს. ამასთან, -ის მთავრობა განიხილავს სანქციების დაწესებას თავდასხმებში ჩართული სხვა პირებისთვისაც, რომლებიც ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა.
The Guardian-ის ცნობით, პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რამდენიმე პალესტინელი დაიღუპა, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ ისრაელური დასახლებების მცხოვრებლები წვავენ მანქანებს და თავს ესხმიან მცირე მომთაბარე კომუნებს, რითაც მათ ევაკუაციას აიძულებენ.
ბრძანებაში აღნიშნავს, რომ დასავლეთ სანაპიროზე ექსტრემისტული დასახლებების ძალადობამ „ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის როგორც დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში,“ — ვკითხულობთ ბრძანებაში.
დოკუმენტში ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედება ისრაელის უსაფრთხოებასაც აზიანებს და შესაძლოა სასაზღვრო რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც ასევე საფრთხეს შეუქმნის აშშ-ის პერსონალს რეგიონში და ქვეყნის ინტერესებს.
რა ართულებს ვითარებას დასავლეთ სანაპიროზე?
ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, 1993 წელს ოსლოს შეთანხმება შედგა.
ამ შეთანხმებით “არაბული ქვეყნების ლიგის” ძალისხმევით დაფუძნებულმა “პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ”(PLO) აღიარა ისრაელის უფლება, ეარსება, როგორც სახელმწიფოს, იმ პირობით, თუ ისრაელის მხარე მას პალესტინელთა კანონიერ წარმომადგენლად აღიარებდა.
ასე შეიქმნა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია(PNA), როგორც დროებითი ორგანო, რომლის კონტროლიც, შეთანხმების ფარგლებში, ოკუპირებული ღაზისა და ოკუპირებული დასავლეთი სანაპიროს ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო. ადმინისტრაციას ჰყავს პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა.
მიუხედავად ხსენებული შეთანხმებისა, რიგი სირთულეების გამო ის შორს ვერ წავიდა.
დასავლეთ სანაპიროს სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. ის ამ დრომდე აქვს ოკუპირებული ისრაელს, რომელიც ადგილზე ებრაელთა ახალშენებისა და სამხედრო ბლოკპოსტების მშენებლობას განაგრძობს, რასაც თან სდევს შეტაკებები ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის.
სხვადასხვა მონაცემებით, დასავლეთ სანაპიროზე — როგორც PNA-ს ლიმიტირებული თვითმმართველობის, ისე ისრაელის არმიის მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე — 2.1 მილიონიდან 3 მილიონამდე პალესტინელი არაბი ცხოვრობს.
იქვე აგებულ ახალშენებში ცხოვრობს 430 000 ებრაელი. ამ მშენებლობებს პალესტინელები, საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად, საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ, რასაც ისრაელი არ ეთანხმება.
ამას ემატება ბეტონის ბარიერი, რომელსაც ისრაელი დასავლეთ სანაპიროს გარშემო 2002 წლიდან აშენებს. ის მშენებლობის დასაწყისშივე ამბობდა, რომ ბარიერი იყო თავდაცვის გზა პალესტინელი შეიარაღებულების თავდასხმებისგან. თავის მხრივ, ადგილობრივი პალესტინელები მიწების მითვისებასა და ანექსიის მცდელობაზე საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – მანდატების შეწყვეტა თქვენი გადაწყვეტილებაა – აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ცდებით, გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები და საქმეზე გადავიდეთ – იმედია მიკროფონს არ გამითიშავთ

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?