“ჯორჯიან მანგანეზმა” დადებული პირობა დაგვირღვია” – მაღაროს თანამშრომლები ისევ გაიფიცნენ

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ. მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა, რაც გულისხმობს თვეში 15 დღით მუშაობასა და მომდევნო 15 დღით დასვენებას და ანაზღაურების გაზრდას. თუმცა, მათი თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.
გაფიცვის პერიოდში დარკვეთის მაღაროს ჰქონდა მოთხოვნა გადასულიყვნენ 12-საათიან “ვახტურ რეჟიმზე.” 5 თვის გასვლის შემდეგ არ შეცვლიათ სამუშაო პირობები. პირიქით, გაუუარესდათ. კომპანიას ჰქონდა პირობა დადებული, რომ დარკვეთის მაღაროს გაუუმჯობესებდნენ სამუშაო გარემოს, თუმცა 5 თვის შემდეგაც ვხედავთ, რომ იგივე პრობლემებია. გვქონდა შეხვედრა სამშაბათ დღეს დარკვეთის თანამშრომლებთან საინიციატივო ჯგუფს. ასევე, იქ ამობრძანდა ბატონი ბარაბახი და იქ საერთო შეთანხმებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ დარკვეთის მაღარო გადავიდოდა 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამავდროულად, მან დადო პირობა, რომ არცერთი თანამშრომელი, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული გვირაბგამყვანის ჩათვლით, არ დატოვებდა სამსახურს. ყველა კადრი იქნებოდა შენარჩუნებული. მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომ ვერ მოუმატებდნენ ხელფასს…ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე… დღეს მოვიდა ესეთი ინფორმაცია, რომ თუ გვინდა, ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდის სატარიფოს, სახელფასო ანაზღაურებას, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი…ამიტომ, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცონ, გაჩერდნენ,” – ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი ვიდეომიმართვაში.
წყარო ტვ პირველი