ჟურნალისტი რატი მელაძე სოციალურ ქსელში წერს:
„უკეთესობა არ იქნება, სანამ პუტინს არ გავაგებინებთ, რომ მზად ვართ ის და მისი ქვეყანა თევზების საკვებად ვაქციოთ“, ეს განცხადება რესპუბლიკელთა სენატორმა ჯონ კენედიმ გააკეთა, Fox News-ის ეთერში.
სენატორმა კენედიმ თავის განცხადება იქვე განმარტა და აღნიშნა, რომ ის არ გულისხმობს ბირთვულ ომს და საუბარია ხისტ ეკონომიკურ ბერკეტებზე რუსეთის წინააღმდეგ.
რესპუბლიკელი სენატორის განცხადებით, პუტინი „ტრამპს ყოველ ნაბიჯში ატყუებს“, „არღვევს ყველა დაპირებას“ და ავლენს „აშკარა უპატივცემულობას“ ამერიკის პრეზიდენტის მიმართ.
პუტინს ჰგონია რომ სულელები ვართ და მისი გვეშინია – აცხადებს კენედი. მისი თქმით, პუტინი ასე მოქცევას მანამდე გააგრძელებს, სანამ არ მიხვდება რომ თავისი ქმედებისთვის ძვირ საფასურს გადაიხდის“.
სენატორი გამოვიდა წინადადებით, უფრო ხისტად იმოქმედონს რუსული ეკონომიკის წინააღმდე და სრულად გადაუჭრან ნავთობის ექსპორტი.
სენატორი ჯონ კენედი წარმოადგენს ლუიზიანის შტატს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტაბილური საყრდენია.
Fox News რესპუბლიკელთა აუდიტორიაზე მუშაობს და ამერიკის მთავარ კონსერვატიულ მედიასაშუალებას წარმოადგენს. Fox News-ს ტრამპის ორივე გაპრეზიდენტებაში ლომის წილი მიუძღვის.
ინტერვიუ კენედისთან Fox News-მა დაიწყო გამოკითხვის შედეგებით. ეს გამოკითხვა ჩატარდა დარეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის. თავად Fox News-ის შეფასებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო ყველაზე ცუდი შეფასება სწორედ რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის გამო. ამომრჩეველთა მხოლოდ 36% ეთანხმება მის პოლიტიკას როდესაც 54 პროცენტი წინააღმდეგია. წინა თვეში მოსკოვთან წარმოებულ პოლიტიკას 40% იწონებდა, ანუ სახეზეა ტრამპის პოლიტიკის პოპულარობის დრამატული კლება. ასევე დიდი კლებაა უკრაინასთან წარმოებული პოლიტიკის შეფასებაში. თუ ერთი თვის წინ ტრამპის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ 44% იწონებდა ახლა 39% იწონებს. მთლიანობაში ტრამპის საგარეო პოლიტიკას იწონებს 40% ხოლი, 54% წინააღმდეგია. მათ შორის უკმაყოფილოა ყოველი მეხუთე რესპუბლიკელი ამომრჩეველი.
საინტერესოა, რომ ამერიკელთა 41% მომხრეა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს მის სრულ გამარჯვებამდე, დროში შეზღუდულ მხარდაჭერას კი თითქმის იგივე რაოდენობის ამერიკელი უჭერს მხარს – 44%. თუ დინამიკაში შევხედავთ შეზღუდული მხარდაჭერის მომხრეები შარშან უმრავლესობას წარმოადგენდნენ, რაც აშკარად არ მეტყველებს ტრამპის პოლიტიკის სასარგებლოდ.
ზოგადად ამ კვლევებმა ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა Ipsos-სა და ABC News-ის ერთობლივი კვლევების მიხედვით, ტრამპისთვის. პრეზიდენტის პირველი ასი დღის შეფასება ყველაზე დაბალია ბოლო 80 წლის განმავლობაში. ტრამპის 100 დღეს მხოლოდ 39% ამერიკელი იწონებს, 55% კი უკმაყოფილოა.
ანალუგიური ტენდენციაა რესპუბლიკელთა მხარდამჭერი Fox News-ის კვლევებითაც – ტრამპის 100 დღეს მხოლოდ 62% იწონებს, როდესაც , თავის დროზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პირველი ასი დღე დადებითად შეაფასა 63%-მა, ობამასი 84%-მა, ხოლო ბაიდენის 78%-მა. თავად ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ასი დღეც კი გაცილებით მეტი მხარდაჭერით სარგებლობდა – 80%-ით.
კიდევ ერთმა გავლენიანმა ამერიკულმა მედიამ The New Yorker, ტრამპის პირველი ასი დღის შეფასებისას მოიტანა ორი მაგალითი – შეხვედრები უკრაინისა და სელვადორის პრეზიდენტებთან 6 კვირის ინტერვალით. The New Yorker-ის შეფასებით, პირველ შემთხვევაში ტრამპი გმირს მოექცა როგორც მტერს, ხოლო მეორე შეხვედრაზე დიქტატორს შეეგება როგორც თანამოაზრეს.
ამომრჩეველთა განწყობების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იცვლება როგორც თავად ტრამპის რიტორიკა ასევე განცხადებები კონგრესში. თუ ამერიკელთა განწყობის ტენდენციები არ იქნება გათვალისწინებული რესბულიკელებს კონგრესის 2026 წლის არჩევნებში მარცხი ელით, ხოლო ტრამპს კონგრესის მხარდაჭერის გარეშე ხელფეხი ექნება შეკრული, ხოლო მისი იმპიჩმენტის საფრთხე რეალური გახდება.
Fox News-ისა და ABC News-ის სოცკვლევები შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკებზე: