ჯონი აივი OpenAI-ისთვის მოწყობილობას ქმნის

Apple-ის ლეგენდარული დიზაინერი, ჯონი აივი ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ისთვის ახალი თაობის მოწყობილობას ქმნის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უნიკალური ფუნქციონალის საჭიროებებს იქნება მორგებული. კონკრეტულად რა ტიპის მოწყობილობაზე არის საუბარი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ამ პროექტის არსებობა თავად დიზაინერმა დაადასტურა. ჯონი აივის თქმით, ახალი მოწყობილობის შექმნის საჭიროება გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა წარმოშვა, რომელიც მომხმარებელს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფა. როგორც შარშან დაიწერა, OpenAI-ის ახალ მოწყობილობაში აქცენტი სენსორულ ტექნოლოგიაზე გაკეთდებოდა, ხოლო თავად დიზაინი პირველი თაობის iPhone-ის დიზაინით იქნებოდა შთაგონებილი, მაგრამ გამორიცხული არ არის, საბოლოოდ, მოწყობილობა კარდინალურად განსხვავებული იყოს.
როგორც ჯონი აივიმ The New York Times-თან განაცხადა, OpenAI-ის დამფუძნებელი, სემ ოლტმენი მას Airbnb-ის თანადამფუძნებელმა, ბრაიან ჩესკიმ გააცნო. ამ პროექტისთვის, სემ ოლტმენის კომპანია $1 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, ხოლო ინვესტორებს შორის იქნება, როგორც თავად ჯონ აივი, ასევე Emerson Collective-იც – ორგანიზაცია, რომელსაც სტივ ჯობსის ქვრივი, ლორენ პაუელ ჯობსი მართავს. შარშან იწერებოდა, რომ პროექტის სრულად დაფინანსება SoftBank-ის დამფუძნებელს, მასაიოში სანსაც სურდა, მაგრამ მისი ინვესტიციის შესახებ სიახლეები ბოლო პერიოდში არ გავრცელებულა.
OpenAI-ის მოწყობილობაზე, ამჟამად, ათი ადამიანი მუშაობს, რომელთა შორის არის, როგორც თავად ჯონი აივი, ასევე LoveForm-ის თანადამფუძნებელი მარკ ნიუსონი. ჯონი აივის დიზაინ-კომპანიას ასევე შეუერთდა Apple-ის პროდუქტების დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი, ტენგ ტანი, რომელმაც ტექნოლოგიური გიგანტი გასული წლის ბოლოს დატოვა.
წყარო: bm.ge