ჯოზეფ ბორელი – რეფორმების განხორციელება უნდა დააჩქაროთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან თანხვედრის მნიშვნელოვან ზრდას ველით

რეფორმების განხორციელება უნდა დააჩქაროთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან თანხვედრის მნიშვნელოვან ზრდას ველით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ნება მომეცით სამი მესიჯი გადმოგცეთ. პირველი: რეფორმების განხორციელება უნდა დააჩქაროთ, მათ შორის მათი, რომლებიც ასოცირების შეთანხმებაშია ნახსენები, რათა ჩვენი, ევროკომისიის რეკომენდაციების 9 ნაბიჯი დააკმაყოფილოთ. ამისთვის ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება გყავთ და, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია ყველა იყოს ჩართული. ეს მოითხოვს გაბედულ ნაბიჯებს პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად.
მეორე: ჩვენი კავშირი საერთო ღირებულებსა და პრინციპებს ეყრდნობა. ეს საფუძველი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვცხოვრობთ. მივესალმებით თქვენს ერთგულებას ევროკავშირში წევრობისადმი. ვხედავთ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებისადმი თანხვედრაში ზრდა გაქვთ, მცირე, მაგრამ ზრდა. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით.
ასევე ვღელავთ [საქართველოში] ანტი-დასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ, ძალისხმევა გააორმაგოთ ინფორმაციის მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. ამას გაცილებით მეტი რაოდენობით ვნახავთ მომავალ ევროპულ არჩევნებში და, შესაძლოა, თქვენს არჩევნებში.
და მესამე: ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი ელექტორალური პროცესის შესახებ. ელექტორალურ რეფორმებს მივესალმებით, რომლებიც აქამდე განახორციელეთ და მოგიწოდებთ ისინი დაასრულეთ მომავალ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” – განაცხადა ბორელმა.