სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას, „ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმის“ ფარგლებში, ღვინის მწერლები, სომელიეები, ბლოგერები, მარკეტოლოგები და მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
უცხოელ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის ჯიშების წარმოშობის, მოშინაურების, კონსერვაციის გავრცელების, ცნობადობის ამაღლების და პოპულარიზაციის ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები და კვლევები გააცნო.
ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოში ღვინის წარმოების საკითხზე საუბრის დროს, ქართული ვაზის კულტურული ჯიშების მრავალფეროვნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც ისტორიულ ჭრილში წარმოდგენელია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი განვითარების ეტაპები, არტეფაქტები, საქართველოს რეგიონების ეთნოგრაფიული და ქვევრში ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული ექსპონატები.
სტუმრებმა ქართული ვაზის უნიკალური საკოლექციო ნარგაობა და სხვა სამეცნიერო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს; დააგემოვნეს მოძიებული და აღდგენილი ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, შეეფასებინათ ღვინოების საგემოვნო თვისებები და გამოეთქვათ მოსაზრებები მათი საბაზრო პოტენციალის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესებს და სენსორულ თავისებურებებს.
„ყველაზე საინტერესო, რაც ქართულ ღვინოში აღმოვაჩინე, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაა. თითოეულ ჯიშს სრულიად უნიკალური გამოხატულება აქვს და ხშირად სახელებიც მიგვანიშნებს ფერსა თუ სხვა თვისებებზე, რაც, როგორც ამერიკელისთვის, ძალიან განსხვავებულია. ქართული ჯიშები თითქმის არაფრით ჰგავს საერთაშორისო ჯიშებს, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია ისიც, რომ აქ 500-ზე მეტი ჯიში ერთ სივრცეშია წარმოდგენილი — ეს მართლაც უნიკალურია“, – აღნიშნა დელეგაციის წევრმა, ამერიკელმა სომელიემ, ალექს საროვიჩმა (Alex Sarovich).
ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმავა საერთაშორისო პროფესიონალების დაინტერესება ქართული მევენახეობა-მეღვინეობით და ხაზი გაუსვა ჯიღაურას ბაზის მნიშვნელობას, როგორც ვაზისა და ღვინის ეროვნული მემკვიდრეობის კვლევის და პოპულარიზაციის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმას.
ვიზიტი გაიმართა „ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმის“ ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია პლატფორმა „მადამ სომელიე“. ფორუმი აერთიანებს ღვინის სფეროს საერთაშორისო ექსპერტებს, მედიისა და მარკეტინგის პროფესიონალებს და მიზნად ისახავს ქართული ღვინის გლობალურ პოპულარიზაციას.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
