ჯინ შაჰინი: აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატი იქნება თუ რესპუბლიკელი, საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება -ის პრეზიდენტი, დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, ამერიკის პოლიტიკა თანმიმდევრულია და ის გულისხმობს საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ოქტომბრის არჩევნებია.
„ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ მნიშვნელოვან დროს, გახლავთ მოსალოდნელი არჩევნები. გვსურდა დაგვედასტურებინა და გაგვემყარებინა ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისადმი. გაგვემყარებინა ჩვენი ერთგულება მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა. ვინც უზრუნველყოფს, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება. ჩემი აზრით, ჩვენ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს დამკვირვებელთა ჯგუფებს და ამას არჩევნების პერიოდშიც გავაგრძელებთ“, — განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
პრესკონფერენციაზე კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად იმყოფება ვიზიტით საქართველოში, აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი ზედმეტ ყურადღებას აქცევს ხელისუფლების თუ პირადად მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას აშშ-ის მხრიდან.
„ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რომ გადახედოთ, დაინახავთ, რომ საქართველოს მიმართ ცვლილება არ იქნება. იქნება იგივე მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციებისა, მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა.
შეხვედრისას ჩანდა, რომ პრემიერმინისტრი კობახიძე ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა პირადად მისი და მთავრობის კრიტიკას. ჩვენ შევეცადეთ განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი, დიალოგი გულისხმობს კრიტიკას. ასე ხდება პოლიტიკის ფორმირება. ასე ხდება მთავრობის პოლიტიკის დახვეწა. მოვუწოდეთ პრემიერმინისტრს გაერკვეს, რომ დიალოგი, პოლიტიკური დებატი კრიტიკას გულისხმობს“, — თქვა კონგრესმენმა.
მანამდე სენატორმა და კონგრესმენმა აღნიშნეს, რომ პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრით იმედგაცრუებულები არიან და კობახიძე არ ამჟღავნებს ინტერესს აშშ-სთან ურთიერთობის გაგრძელებისადმი. ბიძინა ივანიშვილმა კი სენატორთან და კონგრესმენთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ