„ჯივიპი“ 2024 წელს 70 კილომეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელებს განაახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს ქალაქ თბილისის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.
2024 წლის განმავლობაში კომპანია ჯამში 141 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, თბილისის წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებს აახლებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ჯივიპის“ მფლობელმა ესპანურმა კომპანია Aqualia-მ სისტემური აუდიტის ჩატარებისას დეტალურად შეისწავლა წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით თბილისში არსებული გამოწვევები და დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის 10 წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად გეგმა თბილისის კრიტიკულ უბნებში პრიორიტეტული სარეაბილიტაციო ქსელების სრულ განახლებასაც მოიცავს.
„2024 წლის განმავლობაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ჩვენ ვახორციელებთ უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის, კერძოდ 141 მილიონი ლარის ინვესტიციას. მხოლოდ თბილისში ქსელების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე 55 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში ჩვენ უკვე დავასრულეთ 40 სარეაბილიტაციო პროექტი და დამატებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები 10-მდე სარეაბილიტაციო პროექტზე. ჩვენი მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მოძველებული და ამორტიზებული ქსელების ეტაპობრივი განახლება და სისტემის მოდერნიზება. ჩვენი მიზანია მომდევნო წლების განმავლობაშიც აქტიურად გავაგრძელოთ სისტემის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ კომპანიის საოპერაციო მაჩვენებლები“, – განაცხადა „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.
Aqualia-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2024 წლის, სექტემბრის მდგომარეობით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა უკვე დაასრულა ქალაქ თბილისის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე 40 სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის წყნეთის გზატკეცილის, მეფრინველეთა, ახმეტ მელაშვილისა და 9 აპრილის ქუჩების, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს წყალმომარაგების ქსელების ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად განახლებულ ქსელებზე დამონტაჟდა 1700 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც ქსელის ავარიული დაზიანების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალს მნიშვნელოვნად ამცირებს.
გარდა დასრულებული პროექტებისა ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს 9 სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის ჯივიპის 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება, რაშიც კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. პარალელურად აქტიურ ფაზაშია დემეტრე თავდადებულის ქუჩის ქსელების განახლება და დასკვნით ეტაპზეა მამისაშვილის ქუჩის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
2024 წლის ბოლომდე დამატებით დაგეგმილია აწყურისა და ლიახვის ქუჩების, მოსკოვის გამზირისა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი ქსელების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგების სერვისი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
“კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ახალი მენეჯმენტის პირობებში გასულ წელს გაზრდილი საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა. კომისიაში დეტალურად განვიხილეთ ყველა პროექტი და მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეზარდა ჯივიპის საინვესტიციო პორტფელი როგორც წყალმომარაგების, ასევე საკანალიზაციო სისტემების განვითარების მიმართულებით. შედეგად თბილისში, მცხეთაში და რუსთავში გაცილებით მეტი სარეაბილიტაციო პროექტები ხორციელდება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალმომარაგების სისტემა მეტ პრობლემურ უბანში მოგვარდება და მოწესრიგდება“, – აღნიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
2024 წელს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქალაქ თბილისში 70 კილომეტრამდე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს გააახლებს და აღნიშნული მიმართულებით ჯამში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ