ჯეფ ბეზოსის კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა ახალი მასშტაბური პროექტის, TeraWave-ის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ილონ მასკის SpaceX Starlink-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.
გეგმის მიხედვით, კომპანია დედამიწის დაბალ და საშუალო ორბიტაზე 5,400-მდე თანამგზავრის განთავსებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისტემა კოსმოსიდან მიწოდებულ ინტერნეტს ეფუძნება, ბეზოსის ახალი ინიციატივა მკვეთრად განსხვავებული სტრატეგიით გამოირჩევა და ორიენტირებულია არა ინდივიდუალურ მომხმარებლებზე, არამედ მსხვილ კორპორაციებზე, მონაცემთა ცენტრებსა და სამთავრობო სტრუქტურებზე.
Blue Origin-ის განცხადებით, TeraWave-ის ქსელი მონაცემთა გადაცემის რეკორდულ სიჩქარეს, 6 ტერაბიტ/წამს აღწევს, რაც ოპტიკური კავშირისა და ლაზერული ტექნოლოგიების დამსახურებაა. ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება Starlink-ის ამჟამინდელ სიჩქარეს.
TeraWave-ის თანამგზავრების პირველი პარტიის გაშვება 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს Blue Origin-ის მრავალჯერადი გამოყენების მძიმე რაკეტა New Glenn-ი, რომელმაც უკვე წარმატებით დაასრულა სატესტო ფრენები.
ექსპერტების შეფასებით, სატელიტური ინტერნეტის ბაზარი კიდევ უფრო კონკურენტული ხდება, რაც ტექნოლოგიურ რბოლას განვითარების ახალ დონეზე გადაიყვანს.




