გასაჯაროვდა სასამართლოს მასალები, რომლებიც ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის საქმეს ეხება. ეპსტინმა 2019 წელს საკანში, სადაც გასამართლებას ელოდა, თავი ჩამოიხრჩო.
გასულ კვირებში სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ცნობების გავრცელებას, თითქოს აპირებდნენ გაესაჯაროებინათ სია, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდნენ ეპსტინის “კლიენტები” და “თანამონაწილეები”. არანაირი მსგავსი სია არ გავრცელებულა.
40 დოკუმენტი, რომელიც სასამართლოს მიერ გასაჯაროვდა, ძირითადად შეიცავდა უკვე ცნობილ ინფორმაციას, რაც გასულ წლებში ეპსტინის სკანდალთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმებიდან, გაზეთების სტატიებიდან, ინტერვიუებიდან და სხვა სამართლებრივი საქმეებიდან ირკვეოდა.
ამის მიუხედავად, სასამართლოს მასალები მოიცავს ეპსტინის მსხვერპლთა ჩანაწერებსა და ინტერვიუებს, პოლიციის ანგარიშებს, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფინანსისტი ახლოს იყო გავლენიან ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა ბოროტმოქმედებებში ასევე არიან დადანაშაულებული.
დოკუმენტებში ნახსენებია ეპსტინის მეგობრობა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან. ამას გარდა, საუბარია ბრიტანეთის პრინც ენდრიუზეც, რომელმაც მოაგვარა სასამართლო საქმე, რომელშიც ეპსტინის 17 წლის თანამეგზურთან სექსში ადანაშაულებდნენ.
ეპსტინის ერთ-ერთი დამადანაშაულებელი, იოჰანა სიობერგი გასაჯაროებულ მასალებში ამბობს, რომ მან ფინანსისტის ფლორიდაში მდებარე სახლში ერთხელ პოპვარსკვლავი, მაიკლ ჯექსონიც შენიშნა, თუმცა მას არაფერი ჩაუდენია.
დოკუმენტები ეხება ეპსტინის ერთ-ერთი მსხვერპლის, ვირჯინია ჯოფრის საჩივრის დეტალებს.
ეს საქმე აღძრული იყო ეპსტინი ყოფილი პარტნიორის, გილეინ მაქსველის წინააღმდეგ. ქალი ამჟამად საპატიმროში 20-წლიან სასჯელს იხდის ეპსტინისთვის მსხვერპლების დაქირავებისა და მათზე ძალადობაში დახმარების ბრალდებით.
ჯოფრის საქმე 2017 წელს დასრულდა, თუმცა სასამართლო ზოგიერთ დეტალს საიდუმლოდ ტოვებდა, რათა არ მისდგომოდა ზიანი მსხვერპლებისა და გამოძიების ფარგლებში დასახელებული სხვა პირების პირად ცხოვრებას.
მაქსველის ჩვენებაში ჩანს, რომ, როდესაც მას ჰკითხეს ჯოფრის ბრალდების შესახებ, რომ მან ის პრინც ენდრიუსთან სექსუალური კავშირისთვის გაამზადა, ქალმა ჩაიცინა. ასევე ის აგრესიულად შეხვდა შეკითხვას, ყიდულობდა თუ არა სექს სათამაშოებს და უნახავს თუ არა შიშველი ახალგაზრდა ქალები ეპსტინის სახლებში
ეპსტინის ერთ-ერთი ყოფილი მოსამსახურის თქმით, მას აწუხებდა ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქალების გარკვეული რაოდენობა სახლში ხშირად ჩნდებოდა და მაქსველის მხრიდან ზეწოლას გრძნობდა, რათა ჩუმად დარჩენილიყო.
ზოგიერთი დოკუმენტი ეხებოდა სამართლებრივ დავებს, უნდა ემხილებინა თუ არა ჯოფრის პოტენციური მოწმეებისთვის, მათ შორის კლინტონისთვის. ის ჯოფრის ბოროტმოქმედებაში არ დაუდანაშაულებია, თუმცა ადვოკატები ამბობდნენ, რომ კლინტონი იყო მთავარი პიროვნება, ვისაც შეეძლო სასამართლოს ინფორმირება მაქსველთან და ეპსტინთან საკუთარ ურთიერთობაზე.
მაქსველის ადვოკატები ამბობდნენ, რომ კლინტონის ჩვენება არარელევანტური იყო.
გავრცელებულ დოკუმენტებში ნახსენებია ისეთი ჩვენებებიც, რომლებზეც ეპსტინის მსხვერპლები საჯაროდ აქამდეც ლაპარაკობდნენ.
2016 წლის ჩვენებაში სიობერგი ამბობდა, რომ ეპსტინის ერთ-ერთ სახლში დაესწრო ვახშამს, რომელსაც ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდიც ესწრებოდა. ქალის ცნობით, ილუზიონისტმა მას ჰკითხა: “იცი თუ არა, რომ გოგოებს სხვა გოგოების საპოვნელად უხდიან?”. სიობერგის თქმით, კოფერფილდს მეტი არაფერი დაუზუსტებია. მაქსველისა და ეპსტინის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება სწორედ ისაა, რომ ისინი სექსისთვის დაქირავებულ ქალებს შემდეგში დამქირავებლებად ამუშავებდნენ.
სიობერგის ჩვენებიდან ცნობილი გახდა მისი და პრინცი ენდრიუს საქმის გარკვეული დეტალებიც. აქამდე ცნობილი იყო ბრალდება, რომ 2001 წლის აპრილში, ეპსტინის მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სახლში პრინცი ენდრიუ ახალგაზრდა ქალის მკერდს ფოტოს გადაღების დროს შეეხო.
ჩვენებაში სიობერგი ამბობდა, რომ ის და ჯოფრი ნიუ-იორკში ეპსტინთან ერთად, მისი პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. იქ მათ მაქსველი და ენდრიუ დახვდათ.
სიობერგის თქმით, მაქსველს სახლში ჰქონდა თოჯინა, რომელიც პრინც ენდრიუს ჰგავდა და სავარაუდოდ BBC-ის გადაცემიდან იყო. ჩვენების მიხედვით, ეპსტინის პარტნიორმა თოჯინა თავად პრინც ჩარლზს მისცა. ამის შემდეგ, სიობერგი ჩვენებაში წერს, რომ პრინცმა ენდრიუმ ის შეავიწროვა.
“გადაწყვიტეს ამით (თოჯინით)გადაეღოთ ფოტო, რომელშიც ვირჯინია და ენდრიუ სავარძელში ისხდნენ. თოჯინა ვირჯინიას კალთაში ჩაუსვეს, მე კი ენდრიუს კალთაში ჩავჯექი, თოჯინას ხელი ვირჯინიას მკერდზე მოათავსეს, ენდრიუმ კი მე დამადო მკერდზე ხელი და ფოტო გადაიღეს”. – წერს ჩვენებაში სიობერგი.
ასევე სიობერგის ჩვენებაში ნათქვამი იყო, რომ, როცა ნიუ-იორკიდან ბრუნდებოდნენ, უამინდობის გამო მათმა თვითმფრინავმა გადაუხვია ნიუ ჯერსიში, ატლანტიკ სითიში, სადაც დონალდ ტრამპის კაზინოში გაატარეს დრო.
ქალი ასევე იხსენებდა, როგორ თქვა ეპსტინმა, რომ ტრამპს დაუკავშირდებოდნენ. საქმის ფარგლებში სიობერგისთვის არ უკითხავთ, შეხვდა თუ არა იმ ღამეს ტრამპს. მომავალში მან ჩვენებაში დაწერა, რომ ტრამპისთვის მასაჟის ჩატარება მისთვის არ უთხოვიათ.
ამას გარდა, როგორც სიობერგი ჩვენებაში ამბობდა, მართალია ის კლინტონს არასდროს შეხვედრია, თუმცა ეპსტინმა ყოფილ პრეზიდენტზე ერთხელ თქვა, რომ “კლინტონს ახალგაზრდები უყვარს”.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების ეპსტინთან კავშირის შესახებ წარსულშიც იყო ცნობილი. 2019 წელს კლინტონის სპიკერმა აღიარა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ეპსტინის თვითმფრინავით უფრენია, თუმცა “მისის საშინელი დანაშაულების შესახებ” არაფერი იცოდა და ბრალდებების შემდეგ მასთან არ უსაუბრია. ტრამპს კი ნათქვამი ჰქონდა, რომ ეპსტინთან უთანხმოება მოუვიდა.
ჯოფრის ჩვენებაში ნათქვამი იყო, რომ, როცა ის 17 წლის გახდა, წაიყვანეს ტრამპის მარ-ა-ლაგოს კლუბში, სადაც ეპსტინის მასაჟისტად მუშაობდა, რაც სექსუალურ მომსახურებასაც მოიცავდა.
2022 წელს ჯოფრიმ მოაგვარა სასამართლო დავა პრინც ენდრიუსთან, რომელსაც ლონდონში მგზავრობის დროს შევიწროებაზე უჩიოდა. ამას გარდა, მან უკან გამოიტანა ეპსტინის ყოფილი ადვოკატის, ალან დერშოვიცის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი და თქვა, რომ შეიძლება დაუშვა შეცდომა, როცა ის ერთ-ერთი მოძალადე ეგონა.
გასაჯაროებული ჩანაწერები ეხებოდა ფრანგ სამოდელო აგენტს, ჟან-ლუკ ბრუნელს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო არასრულწლოვანი გოგოების გაუპატიურებაში. მან 2022 წელს პარიზის ციხეში თავი მოიკლა. მას სექსუალურ ძალადობაში ბრალს ჯოფრიც სდებდა.
ჯოფრი ჩვენებაში ასევე ამბობდა, რომ მაქსველმა მას მისცა ბრძანება, რომ დაემყარებინა სექსუალური კავშირი ნიუ მექსიკოს ყოფილ გუბერნატორ ბილ რიჩარდსონთან, პრინც ენდრიუსთან, ამერიკელ კომპიუტერულ მეცნიერ მარვინ მინსკისთან, ამერიკელ ინვესტორ გლენ დუბინთან და ზემოხსენებულ ჟან-ლუკ ბრუნელთან.
გასაჯაროებულ მასალებში ჯერ კიდევ არის ნახსენები სამი ადამიანი, რომელთა ვინაობაც საიდუმლოდ არის დატოვებული. ჯოფრის ბრალდებით, მაქსველი მას აძლევდა მითითებებს, დაემყარებინა სექსუალური კავშირი “დაუსახელებელ პრინცთან”, “სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელთან” და კიდევ ერთ პირთან, რომლის ვინაობაც სრულიად დაფარულია. დოკუმენტიდან არ ირკვევა, ჰქონდა თუ არა სექსი ჯოფრის ზემოხსენებულ პირებთან.