„ლამაზი ბუნება, გემრიელი კერძები, კომფორტული სასტუმრო” – შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ია თაბაგარის აზრით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტებს საქართველოში, ძირითადად, სწორედ ეს აინტერესებთ.
ასეთი შთაბეჭდილებით დაბრუნდა ია თაბაგარი ცოტა ხნის დუბაიდან, სადაც წელს პირველად მონაწილეობდა Arabian Travel Market 2025-ში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა.
Arabian Travel Market-ზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 33 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო იყო წარმოდგენილი. ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია.
– ძირითადი ბაზრები, საიდანაც ტურისტების ჩამოყვანას ვცდილობდი, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპის ბაზარი იყო, ამიტომ წელს პირველად ვიყავი დუბაის გამოფენაზე, რათა გამერკვია რა ხდება. სულ ვამბობდი, რომ ტურიზმი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ მიბმული, როგორიც არის რუსეთი ან ნებისმიერი ქვეყანა, საიდანაც ინტენსიურად ჩამოდიან ვიზიტორები. ამდენად, არ ვამბობ, რომ არაა საჭირო ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების მოზიდვა, თუმცა სპეციფიკური ბაზარია… პირველად ვიყავი გამოფენაზე, სადაც ჯერ მოდიოდნენ სტენდთან, კითხულობდნენ ფასებს და შემდეგ არკვევდნენ, საქართველოს სტენდი იყო თუ თურქეთის; რაღაცნაირი არჩევანია მათი მხრიდან – მთავარია, იყოს პირდაპირი ფრენა, იყოს იაფი და არ სჭირდებოდეთ ვიზა… ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, არანაირი დაინტერესება, როგორია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, რამდენი დაცული ტერიტორია აქვს და ა.შ. მსგავსი კითხვები არ იყო, რასაც მე და ჩემი კოლეგა ცოტათი მიუჩვეველი ვართ და გაგვიკვირდა.
– ბაზრის სპეციფიკით აიხსნება ასეთი ინტერესი?
– დიახ… გამოფენაზე ვიზიტორებს შორის იყვნენ საუდის არაბეთიდან, ლიბანიდან, ქუვეითიდან, ინდოეთიდან და თავად დუბაიში მოქმედი კომპანიები… საქართველოში ისინი შეიძლება ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ კარგი დრო გაატარონ, რადგან ყველა ქვეყანაში ვერ მიდიან; ჩვენი ქვეყანა კი მათთვის გახსნილია; ვისაც დუბაის რეზიდენტობა აქვს, არ სჭირდებათ ვიზა; არის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რომელიც არაა ძვირი და ა.შ. ყველასთან ვცდილობდი კომუნიკაციის დამყარებას და მეუბნებოდნენ, რომ არ უყვართ მუზეუმებში სიარული, მაგრამ უნდათ, ნახონ ლამაზი ბუნება, მიირთვან გემრიელი კერძები და იცხოვრონ კომფორტულ სასტუმროში.
BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ ია თაბაგარმა Arabian Travel Market 2025-ზე შთაბეჭდილებების გაზიარებისას ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორთან კომუნიკაციის ინტერესს, ძირითადად, ის კომპანიები გამოთქვამდნენ, ვისთანაც შეხვედრები წინასწარ დაჯავშნეს.
ია თაბაგარმა ინტერვიუში ტურიზმის ადმინისტრაციასა და კერძო სექტორთან ურთიერთობის და თანამშრომლობის ხარისხზეც ისაუბრა, რითაც კმაყოფილი არაა.
„ჩვენ არ ვიცით, რა გეგმა აქვთ მათ… მაგალითად: მხოლოდ ყურმოკვრით ვიცით, რომ 20 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე. ეს არ არის პატარა თანხა, მაგრამ არ ვიცით წელს [დაიხარჯება] თუ რამდენიმე წელი… სამწუხაროდ, მიაჩნიათ რომ არც უნდა ვიცოდეთ და ვინც ინტერესდება და კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, გვეუბნებიან, რომ „თქვენ ხართ ცოტანი“ – განაცხადა ია თაბაგარმა.
