საქართველოში გასული თვეების განმავლობაში სურსათის ფასები რიგი მიმართულებებით ზრდას აჩვენებდა. აღნიშნული პროცესი გარკვეულწილად აისახა ინფლაციის მაჩვენებელზეც, რომელმაც საპროგნოზო 3%-იან ნიშნულს ჯერ კიდევ მარტში გადააჭარბა, როდესაც ფასების ზრდამ წლიურად 3.5% შეადგინა.
მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას პროგნოზირებდა საქართველოს ეროვნული ბანკიც. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის, ბოლო 30 ივლისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ქვეყანაში საშუალოდ 3.8%-იანი ინფლაცია იქნება. „წელს ინფლაცია სამიზნე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა მომავალში მისი 3%-თან დაახლოება არის მოსალოდნელი“, – წერია გადაწყვეტილებაში.
საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა.
იმის შესახებ, თუ როგორია ბიზნესის მოლოდინები ახლა და ელოდებიან თუ არა კომპანიები კიდევ ფასების ცვლილებას, „ბიზნესპრესნიუსი“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტ ლაშა რიჟამაძეს ესაუბრა.
როგორც რიჟამაძე აღნიშნავს, თუ არსებითი რყევები არ იქნა გადაზიდვებთან, ლარის კურსთან ან საზღვარგარეთის ფასთან მიმართებაში, კომპანიები ფასების ცვლილებას არ ელოდებიან.
„ინფლაციის მაჩვენებელი როდესაც განახლდა, იმ დროისთვის ფასების ცვლილება და ზრდა ძირითადად უკვე ასახული იყო პროდუქციაზე. ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან ვაანონსებდით, რომ პროდუქციაზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა. რაც შეეხება უახლეს მომავალში მოლოდინებს, თუ არსებითი რყევები არ იქნა, თუნდაც ლარის კურსთან ან საზღვარგარეთის ფასთან მიმართებაში, კომპანიები ფასების ცვლილებას არ ელოდებიან.
ფასების ცვლილების ნაწილში, მნიშვნელოვანი იყო ხელშეკრულებების განახლების პროცესი და ქსელური მარკეტების მიერ დამატებით მოთხოვნილი გადასახადები – ეს პროცესიც ძირითადად უკვე ასახულია პროდუქციის ღირებულებაში. შესაბამისად, თუ რაიმე არსებითი რყევა არ გვექნა, თუნდაც გადაზიდვების კუთხით, ამ ეტაპზე ფასების არსებითი ცვლილება დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
www.bpn.ge
