„ჯერ კიდევ შევხვდებით შემთხვევებს, როდესაც მესაკუთრეები ქონებას ზეპირი გარიგებით აქირავებენ“

საკუთარი უძრავი ქონების გაქირავებით დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ზოგისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ზოგისთვის კი დამატებითი შემოსავალი. თუმცა, არის ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსი, ბევრი რამ ე.წ. მდგმურების კეთილსინდისიერებაზეც არის დამოკიდებული. გამქირავებლების მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმე ამბებს ყვება: ზოგს დამქირავებელმა რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხადა და ისე გაუჩინარდა, რომ მის კვალსაც ვერსად მიაგნო; ზოგს ისე დაუზიანა უძრავი ქონება, რომ ზარალის ანაზღაურებას შესაძლოა მთელი წლის ქირის საფასურიც არ ეყოს; ზოგი კი თაღლით მდგმურს უბრალოდ ვერ ასახლებს საკუთარი სახლიდან.
რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საადვოკატო ბიურო OK&CG-ს დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა ისაუბრა თემაზე თუ რამდენად დაცულია ჩვენს ქვეყანაში გამქირავებლის და დამქირავებლის უფლებები?
მისი თქმით, გამქირავებელი-დამქირავებლის ურთიერთობა კვლავ მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს, რადგან კანონის დონეზე არ ხდება მისი სრულად რეგულირება, რასაც თან ახლავს აღსრულების ნაწილში არსებული ხარვეზებიც.
„ადამიანები ალბათ, სიცოცხლის ნახევარს ანდომებენ, რომ რაღაც უძრავი ქონება შეისყიდონ, შექმნან, როგორც აქტივი, რაც ერთგვარი გარანტიაა, თუნდაც მათი ფინანსური საშუალებების მობილიზების. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში და ცენტრალურ ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობს უძრავი ქონების მშენებლობის პროცესი, ე.წ. ბუმი არ გაჩერებულა. შესაბამისად, მოქალაქეების ნაწილიც ყველა კაპიკს დებს ამ სექტორში. თუმცა, ეს [დამქირავებელი-გამქირავებლის ურთიერთობა] ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რადგან ეს საკითხი არ დარეგულირდა ამ ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობით, არც ბერკეტებით, არც შესაბამისი კულტურა არ ჩამოყალიბდა ურთიერთობების.
ჯერ კიდევ შევხვდებით შემთხვევებს, როდესაც მესაკუთრეები ქონებას ზეპირი გარიგებით აქირავებენ, არ ინტერესდებიან ქონებაში შეშვებული პირის პირადი მონაცემებით, არ უფორმებენ კონტრაქტს, მის ქონებრივ მდგომარეობას არ იკვლევენ, რამდენად გადახდისუნარიანი არის. ევროპულ ქვეყნებში ვერ იქირავებ ქონებას, თუ შესაბამისი დეპოზიტები რა განათავსე, არ უჩვენე შენი გადახდისუნარიანობა, სამსახურში რა ხელფასი გერიცხება და ა.შ. მთელი რიგი მოთხოვნებია იმისთვის, რომ ვინმემ მოგაქირაოს ქონება.
შეიძლება ითქვას, რომ კანონმორჩილი ადამიანებიც იჩაგრებიან ჩვენთან, ვინც ყველა წესი დაიცვა, ხელშეკრულებაც გააფორმა, საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სახელმწიფოს მხრიდან მაინც ხდება დაუცველი. დაცვის მექანიზმი არის ის, რომ თუ არაკეთილსინდისიერი გამოდგა დამქირავებელი, მესაკუთრემ შეძლოს ამ ქონებიდან მისი უკანონო მფლობელობიდან გამოყვანა, რადგან ეს უზრუნველყოს იმას, რომ უძრავი ქონება კვლავ ჩაუშვას გაქირავებაში და მიიღოს დაგეგმილი შემოსავალი.
ამას ფატალურ შედეგამდე მიჰყავს უძრავი ქონების შემძენი, რადგან მოგეხსნებათ, რა ღირს ჩვენს ქვეყანაში სესხები, სესხის პროცენტი, პირგასამტეხლო კოლოსალურ თანხებს აღწევს, ფაქტობრივად იწყება მკვლელობა ამ ქონების და გადადის ბანკის საკუთრებაში.
კანონმდებლობით მკაფიოდ გაწერილი ნორმები რომ იყოს, მესაკუთრეებს ასეთი პრობლემაა არ ექნებოდათ, რადგან ყველა დამქირავებელს ეცოდინებოდა, რომ თუ ის ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებს, მას მოკლე პერიოდში სახლიდან გამოიყვანს სახელმწიფო,“ – ამბობს ოთარ კაჭკაჭაშვილი.
პრობლემაზე საუბრისას, ადვოკატი იმასაც აღნიშნავს, რომ სასამართლოში გადანაცვლებული საქმე წლების განმავლობაში გრძელდება, უძრავის ქონების მფლობელი კი ისევ დაზარალებული რჩება.
„სადაც უკვე სახელმწიფოს საკითხი იწყება, იქ კვლავ პრობლემები იჩენს თავს. კანონი არის, ხელშეკრულებას ითვალისწინებს, ნორმალიზებულია კანონის დონეზე, თუმცა, როდესაც მივდივართ მის აღსრულებამდე, საკითხი დგას, რომ ეს პირი, ვინც დაიქირავა არის თუ არა გადახდისუნარიანი, თუ დავაკისრებ მას თანხას, მერე საიდან ამოვიღებ, რადგან თავიდანვე არ განისაზღვრა არის თუ არა პირი გადახდისუნარიანი. ქონების მეპატრონემ გაქირავებისას დეპოზიტი არ მოსთხოვა, ანგარიში არ შეამოწმა, ანუ საგარანტიო პირობა არ მიიღო, და მეორე – სასამართლო, სადაც ნებისმიერი მცირე ტიპის დავაც კი 2-3-წლიანი პერიოდი გრძელდება. ეს კი მესაკუთრეს აკარგვინებს მოტივაციას, რომ საერთოდ მიმართოს სასამართლოს,“ – ამბობს ოთარ კაჭკაჭაშვილი.
მისივე თქმით, ვითარება კიდევ უფრო რთულდება, თუ დამქირავებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რადგან მას შეუძლია ერთ დღეს უბრალოდ დატოვოს ქვეყანა. ბინის გამქირავებლის დაცვის მექანიზმი კი არ არსებობს.