„ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, უარი თქვათ ღალატზე“ — გახარიას პარტია „ოცნებას“ მიმართავს

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს უარი თქვან ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე.
განცხადების ავტორების თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გაიწვიონ რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი , რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს მათ ვეღარ დაიცავს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისა და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისა და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის:
„სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა წყალს გაატანეთ ყველა მიღწევა, რაც ამ პარტიის მმართველობის წლებში იქნა მიღწეული.
ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულის და ძალაუფლების დასაცავად მოქმედებს, ვერ დაგიცავთ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების სამართლიანი რეაქციისგან და ქართველი ხალხის რისხვისგან, რომელიც თავისუფლებისთვის და ცივილიზებულ სახელმწიფოთა კავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვის.
ვერც თქვენ შეძლებთ, ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი, და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე: ეს აღარ გეხებათ მხოლოდ თქვენ, ამ ყველაფრით თქვენ ჩვენი შვილების მომავალსაც უქმნით საფრთხეს და ანგრევთ ყველაფერს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აშენა, რისთვისაც იბრძოლა, ხშირად საკუთარი შვილების სიცოცხლის ფასად და რასაც მიაღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ იქნება დიდი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დასაწყისია,“ — აცხადებენ პარტიაში.