ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ბავშვი, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ უპოვიათ ის ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრა. ბავშვის იდენტიფიცირებას ართულებს ის ფაქტი, რომ კამერების ხედვის არეალში არ ექცევა “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა.
ბავშვის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა ჩასტარებოდა მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ძაღლს საჭდი არ ჰქონია. ეს ნიშნავს, რომ ის აღრიცხვაზე არ ყოფილა: ან მოკლე პერიოდით ადრე აღმოჩნდა თბილისის ტერიტორიაზე, ან სხვა მუნიციპალიტეტიდან მოხვდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პასუხის მიღებიდან მალევე, 19 დეკემბრის გვიან საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა და მოზარდის მოძებნაში დახმარება ითხოვა.
კომპანია “გალფის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯიბლაძე “ფეისბუკზე” (ბოსტნეულის მაღაზიის გამყიდველზე დაყრდნობით) წერს, რომ “ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს” და რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერესდებოდნენ ძაღლის მდგომარეობით.
“ცოფის ვაქცინის” გაკეთება აუცილებელია ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანს ცხოველი დაკბენს, დაკაწრავს ან დანერწყვავს ღია ჭრილობაზე. ვაქცინა ერთჯერადად არ კეთდება, აუცილებელი რიგ შემთხვევაში 3 ინიექცია, ზოგჯერ კი – 5. გადაწყვეტილებას იღებს ექიმი და არა ვაქცინაციაზე მისული ადამიანი. ინფიცირების შემთხვევაში, თუ ადამიანი არ გაიკეთებს ვაქცინას, ცოფი იწვევს სიკვდილს.
იმის მიუხედავად, რომ არსებობს სავარაუდო ინფორმაცია მოზარდის აცრასთან დაკავშირებით, მისი პოვნა სახელმწიფო უწყებებს დაეხმარება იმის გარკვევაში, ჩაუტარდა თუ არა მას სრული კურსი. რადიო თავისუფლება ცდილობს დაავადებათა კონტროლის სამსახურში გაარკვიოს, რას აკეთებენ უწყების თანამშრომლები ბავშვის ვინაობის დასადგენად.

ასევე დაგაინტერესებთ