ჯერ არაა ინფორმაცია, რომ ვინმე დაასახელა, თუმცა მზადაა გამოძიების კითხვებს უპასუხოს – ღუდუშაურის ადვოკატი – Netgazeti • ილია ღუდუშაური • ჯანდაცვის სამინისტრო • Netgazeti.ge

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილის, ილია ღუდუშაურის ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებს პასუხი გასცეს.
თუმცა ადვოკატის თქმით, ილია ღუდუშაურს, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, ჯერჯერობით კონკრეტული პირებისთვის არ დაუდია ხელი.
„აღიარებს ბრალს, თანამშრომლობს გამოძიებასთან და დაცვის მხარის მოთხოვნა იქნება აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება… ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თან იქნება მისი აღიარება, იქნება თანამშრომლობა და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი… ჯერჯერობით საქმეში არ არის ისეთი ინფორმაცია, რომ მან ვინმე კონკრეტული პირი დაასახელა, თუმცა მზაობა იმისთვის, რომ გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე გასცეს პასუხი, გვაქვს და ამას ვაფიქსირებთ. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით [ზურაბ აზარაშვილთან დაკავშირებით] კითხვა არ დასმულა“, – განუცხადა „ტვ პირველს“ დიმიტრი მჭედლიშვილმა.
ილია ღუდუშაურს ბრალად ედება სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
გამოძიების თანახმად, ილია ღუდუშაურის მითითებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც მისი ნაცნობი ხელმძღვანელობდა და მას სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა, რითაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაარღვია.
პროკურატურა ილია ღუდუშაურისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს 2022 წლის იანვრიდან და 2024 წლის მარტამდე იკავებდა. ის მოადგილედ ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს დაინიშნა და მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრი გახდა, ღუდუშაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს.